რისგან ჩნდება კუნთების ასიმეტრია.

კუნთების ასიმეტრია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ალბათ შეგიმჩნევიათ, განტელებით ვარჯიშისას ერთი ხელით მეტი გამეორების გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე მეორეთი. ან ერთი ბიცეფსი უფრო დიდია ვიდრე მეორე, ხოლო მკერდის ერთი მხარე ჩამორჩება მეორე მხარეს. ვარჯიშისას ეს ასიმეტრია უფრო იგრძნობა. როცა ერთი მხარე წამყვანია, მეტ დატვირთვას იღებს თავის თავზე, შედეგად სიმეტრიული კუნთები არათანაბრად იტვირთება.
👉 უმეტეს შემთხვევაში, ეს არც დაავადებაა და არც საშიში მდგომარეობა. ეს არის სხეულის ბუნებრივი დაუბალანსებლობა, რომელსაც კონკრეტული მიზეზები აქვს.
რა პროცესები იწვევს კუნთების ასიმეტრიას:
1. დომინანტური (წამყვანი) მხარე
ყველა ადამიანს აქვს წამყვანი ხელი ან ფეხი: უმეტესად მარჯვენა, ცაციებში – მარცხენა. ეს მხარე უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს: წერა, ტარება, აწევა, ბურთის სროლა და ა.შ.
👉 შედეგად, წამყვანი მხარე ძლიერდება, მეორე მხარე კი შედარებით სუსტდება.
2. არასწორი ვარჯიში და ტექნიკა
ვარჯიშის დროს ძლიერ მხარეს მეტად ვტვირთავთ, მაგ:
წოლჭიმში მარჯვენა ხელი უფრო ძლიერ აწვება
ჩაჯდომაში ერთი ფეხი მეტ დატვირთვას იღებს
ბლოკებზე ვარჯიშებში ერთ მხარეს მეტად ვტვირთავთ
👉 დროთა განმავლობაში ასიმეტრია უფრო ძლიერდება, რადგან ძლიერი მხარე კიდევ უფრო ძლიერდება, სუსტი კი ჩამორჩება.
3. სახსრების მობილობის სხვაობა
თუ ერთ მხარეს (მხრის, თეძოს, მუხლის, კოჭის) მოძრაობის ამპლიტუდა შეზღუდულია, მაშინ:
კუნთს არ შეუძლია სრულად შეიკუმშოს
ნერვული კავშირი სუსტდება
ცალი მხარე ნელ-ნელა კარგავს ძალას და მოცულობას
👉 განსაკუთრებით ხშირია: სხეულის გადახრა ერთ მხარეს, არათანაბარი მხრების სიმაღლე, სტაბილიზატორი კუნთების სისუსტე.
4. ნერვულ-კუნთოვანი კავშირის დარღვევა
ზოგჯერ ერთ მხარეზე კუნთის კავშირი ტვინთან არ არის ისეთივე ხარისხის, როგორც მეორე მხარეს.
ეს ნიშნავს, რომ მოძრაობის დროს ტვინი ყოველთვის ერთსა და იმავე კუნთს არ რთავს სრულად.
👉 შედეგად ერთი ნაწილი ძლიერდება, მეორე კი ნაკლებად აქტიურდება.
5. ძველი ტრავმები და ტკივილები
თუ გაქვთ, ან ოდესმე გქონიათ ტკივილი: მხარში, თეძოში, მუხლში, წელის არეში – სხეული ინსტინქტურად იცავს დაზიანებულ მხარეს და ტვირთავს მეორეს მხარეს.
👉 ასე იქმნება ასიმეტრია “კომპენსაციის“ ხარჯზე.
6. არათანაბარი ყოველდღიური ჩვევები
ასიმეტრია ხშირად იწყება ბევრად ადრე, ვიდრე დავკავდებით სპორტით:
ჩანთა ყოველთვის ერთ მხარზე
მობილურის დაჭერა ერთ ხელში
ჯდომა ერთ მხარეზე გადახრით
ფეხის ფეხზე გადადება
მაგიდასთან ასიმეტრიული ჯდომა
👉 ეს ჩვევები წლების განმავლობაში ქმნის კუნთების აშკარა სხვაობას.
7. სპორტის სპეციფიკა
ნებისმიერი სპორტი, სადაც ერთი მხარე უფრო ძლიერ მუშაობს, გამოიწვევს ასიმეტრიას:
ჩოგბურთი. კრივი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფარიკაობა, მშვილდოსნობა, სროლითი სპორტის სახეობები
👉 სპორტსმენებში ასიმეტრია ხშირია, მაგრამ კონტროლირებადია სწორი პროგრამით.
8. შუაწელის (Core) სისუსტე
თუ მენჯი და წელი არ არის სტაბილური, სხეული ერთ მხარეს გადახრილია.
👉 შედეგად ზედა და ქვედა კიდურებზე დატვირთვა გადანაწილდება არათანაბრად.
9. კუნთის მასის მცირე მოცულობა
პატარა კუნთის მქონე ადამიანებში – დამწყებებში, ან მოზარდებში მცირე სხვაობაც უფრო თვალსაჩინოა.
👉 რაც მეტი კუნთი გვაქვს, მით ნაკლებად ჩანს მცირე ასიმეტრია.
✅ კუნთების ასიმეტრია სავსებით გამოსწორებადია სწორი ვარჯიშით, ტექნიკით, მოქნილობის გაუმჯობესებით და სუსტი მხარის მიზნობრივი დატვირთვით.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

