სიმსუქნის გამომწვევი შენიღბული ფაქტორები.
ჭარბი კალორიები სიმსუქნის ერთადერთი მიზეზი არაა. დიეტა და ვარჯიში საქმეს ყოველთვის ვერ შველის. იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც სიმსუქნეს უწყობს ხელს.
ქრონიკული გამოუძინებლობა.
მუდმივად გამოუძინებელი ორგანიზმი კარგავს სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი იწვევს ცხიმის დაგროვებას, რადგან ის ჰორმონები, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმის წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ ძილში მუშაობს.
როგორ მოვიქცეთ?
აუცილებელია გამოძინება. 15 წუთიანი ძილიც კი უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას. აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომის უნარს და აქვეითებს მადას. რეკომენდირებულია დღეში 8 სთ. ძილი, უმჯობესია ღამის 11-12-დან დილის 7-8 საათამდე.
სტრესი.
სტრესი იწვევს სისხლში კორტიზოლის, ადრენალინის, ლეპტინისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობით გადმოსროლას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც პირდაპირ ალაგებს ცხიმს თეძოებსა და მუცლის ღრუში. სტრესის შემდგომ ტკბილეულისადმი სწრაფვა იღვიძებს, შედეგად კი – ჭარბი კილოგრამები.
როგორ მოვიქცეთ?
ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ისწავლეთ სწრაფად დამშვიდება, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გადაუშალეთ გული მეგობარს და დაიწყეთ ვარჯიში. ვარჯიშები დაგეხმარებათ დამშვიდებასა და სტრესის დაძლევაში.
არასწორი კვება.
კალორიების თვლისას გვავიწყდება, რომ რაციონის შედგენისას მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. თუ დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით გვაწუხებს შიმშილი, ესე იგი რაციონში არ არის საკმარისი ცილა. ვის რაციონშიც ცილის შემცველობა არ აღემატება 10%-ს, იღებს 260-300 კალორიით მეტს, ვიდრე ის, ვის რაციონშიც ცილის წილი 15%-ია. სიფრთხილე გმართებთ ხილთან. ვაშლი შესაძლოა გაცილებით მეტ ნახშირწყლებს შეიცავდეს, ვიდრე გვგონია.
როგორ მოვიქცეთ?
შეადგინეთ ისეთი რაციონი, რომ მასში შედიოდეს ცილა – არანაკლებ 15%-ისა, მდიდარი იყოს რძის ნაწარმითა და ხორცით, ხილს ბოსტნეული ამჯობინეთ.
სამკურნალო პრეპარატები.
მედიკამენტებისგან შესაძლოა თვეში 5 კგ. მოვიმატოთ. ზოგი მადას აძლიერებს, ზოგიც სისხლში ინსულინის დონეს ცვლის, ან სითხეს აკავებს და სხვა. ასეთი გვერდითი ეფექტები ბევრს არ ახასიათებს. ამ მხრივ გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევი მედიკამენტები და გულძმარვის სამკურნალო საშუალებები.
როგორ მოვიქცეთ?
თუ მსგავსი ინფორმაციაა წამლის ინსტრუქციაში, კითხეთ სპეციალისტს. ჭარბი წონის თავიდან აცილება შესაძლებელია რიგი რეკომენდაციების დაცვით, რაც სწორ კვებასა და მეტ მოძრაობას ითვალისწინებს.
ჰორმონული დაავადებები.
ათზე მეტი ჰორმონია, რომელთა დისბალანსი წონის მატებას იწვევს.
1. ყველაზე გავრცელებეული დაავადება, რომელიც წონის მატებას იწვევს ჰიპოთირეოზია – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტი, რომელიც ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს წონის მატებას უმადობის ფონზე. ქალები ჰიპოთირეოზით 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.
2. კუშინგის სინდრომი – ამ დროს მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის დონე, რაც წონის მატებას იწვევს.
3. სასქესო ჰორმონების დეფიციტი ხელს უშლის უკვე დაგროვილი ჭარბი კილოგრამების მოცილებას.
როგორ მოვიქცეთ?
პერიოდულად გაიზომეთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების დონე.