რამდენ ცილას ითვისებს ორგანიზმი ერთ მიღებაზე.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ორგანიზმი ერთ მიღებაზე ითვისებს მხოლოდ 30 გრ. ცილას. ამ შეხედულებას საფუძვლად დაედო ექსპერიმენტი, რომელიც იკვლევდა დამოკიდებულებას ცილის მიღებასა და ორგანიზმის აღდგენას შორის ვარჯიშის შემდეგ.
გამოსაცდელები ვარჯიშის მერე იღებდნენ სხვადასხვა რაოდენობის ცილას და ანალიზს უღებდნენ 4 სთ. შემდეგ. დადგინდა, რომ 30 გრ. მეტი ცილის მიღება არ იძლევა კუნთის ცილის სინთეზის მომატებას. ანუ თუ ჩვენ ვიღებთ 30 გრ. ცილაზე მეტს, ეს მეტი ცილა გავლენას არ ახდენს კუნთის ცილის სინთეზზე, ანაბოლიზმზე. ამ გამოკვლევაში ლაპარაკი იყო მხოლოდ ვარჯიშის მერე მიღებულ ცილაზე და ვარჯიშიდან 4 სთ. შემდეგ მიმდინარე პროცესზე.
სწორედ ამ გამოკვლევაზე დაყრდნობით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 30 გრამზე მეტი ცილის მიღებას აზრი არ აქვს, არ აითვისება ორგანიზმის მიერ და წავა უნიტაზში. რომ ზედმეტი ცილა დატვირთავს თირკმელებს და გამოიყვანს მწყობრიდან, ან ზედმეტი ცილა გარდაიქმნება ცხიმში.
გამოკვლევა ცილის ათვისებაზე კი არ იყო ჩატარებული, არამედ კუნთის სინთეზზე. უმრავლესობა საკვებს იღებს დღეში 2-3-ჯერ. მათი ორგანიზმი რომ ვერ ითვისებდეს 30 გრ. მეტ ცილას, დაიღუპებოდნენ ცილის დეფიციტის გამო, რაც ასე არ ხდება.
ეს გამოკვლევა მეტყველებს იმაზე, რომ 30 გრ. ცილა საკმარისია, რომ ვარჯიშის მერე გარკვეული დროის შემდეგ უზრუნველყოს კუნთის სინთეზი, კვლევაში არ იყო გათვალისწინებული, რომ ცილა საჭიროა არა მარტო კუნთისთვის, რომ ადამიანი მთლიანად შედგება ცილებისაგან და მისი ყველა ორგანო და ქსოვილი საჭიროებს ცილას. გამოკვლეული იყო მარტო კუნთის სინთეზი, თუმცა ვარჯიშის მერე აღდგენა სჭირდება მყესებსაც, ძვლების სისტემასაც და აქტიურდება ჰორმონალური სისტემაც.
ეტყობა ამ კვლევას ვიღაც ჟურნალისტმა მისცა თავისი ინტერპრეტაცია, თითქოს ორგანიზმი ერთ მიღებაზე 30 გრ. ცილაზე მეტს ვერ ითვისებს, ეს გამოკვლევა კი სულ სხვა საკითხს სწავლობდა.
სინამდვილეში რამდენ ცილას ითვისებს ჩვენი ორგანიზმი ერთ მიღებაზე?
ფიზიოლოგია იძლევა ამაზე პასუხს. კუჭ–ნაწლავის სისტემაში არ არსებობს ფუნქცია, რომელიც გადაზომავს 30 გრ. ცილას, აითვისებს და დანარჩენს გამოყოფს გარეთ. ფაქტიურად საკვებიდან მიღებულ ცილას სრულად შეიწოვს სისხლი, ხოლო სითხის გამომყოფი ორგანო არის თირკმელები. ზედმეტი ცილის შარდით გამოყოფა რომ ხდებოდეს, ეს თირკმელების დაავადებაა, პიელონეფრიტი, ჯანმრთელი ადამიანის თირკმელები არ უნდა გამოყოფდნენ ცილას შარდში.
ცილებიდან მიღებული ყველა ამინომჟავა აითვისება ორგანიზმის მიერ ცილის სინთეზზე და სხვა პროცესებზე.
არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ზედმეტ ცილას შეუძლია დააზიანოს თირკმელები, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არარეალურად ბევრ ცილას მიიღებთ, მაგ. 4-5 გრ. ცილას 1 კგ. მასაზე.
მოკლედ, თუ თქვენ მიიღებთ 100 გრ. ცილას ერთბაშად, ორგანიზმი უფრო მეტ დროს დახარჯავს მის ათვისებაზე, ვიდრე 30 გრ. ცილის მიღებისას.