ლიპიდები.
ლიპიდები არის ცხიმების ფართო ჯგუფი, რომლებიც გვხვდება ყველა უჯრედში. ლიპიდები ქმნიან ენერგო რეზერვს, მცენარეთა და ცხოველთა წყალგაუმტარ და თერმოსაიზოლაციო საფარველს და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან. ისინი არ იხსნებიან წყალში, მაგრამ იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში, მაგ. ეთერში, ქლოროფორმაში, ბენზინში. ზოგიერთ უჯრედში ლიპიდები ცოტაა 5-10%, ზოგში კი მათი შემცველობა 90%-ს აღწევს, მაგ. მზესუმზირა, ან კანქვეშა ცხიმის უჯრედები.
როგორი აგებულება აქვს ცხიმებს.
ცხიმები შედგება გლიცერინისგან/სპირტისგან და 3 ცხიმოვანი მჟავისაგან. გლიცერინს აქვს 3 ნახშირბადი და 3 OH ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ 3 ცხიმოვანი მჟავის OH ჯგუფს, რა დროსაც გამოიყოფა წყალი და რჩება ცხიმი. სპირტისა და მჟავების შეერთებას ეძახიან ეთერს.
ლიპიდებს ყოფენ რამდენიმე კლასად.
მარტივი ლიპიდები: ტრიაცილგლიცეროლები – ნეიტრალური ცხიმები, ცვილი
რთული ლიპიდები: ფოსფოლიპიდები, გლიკოლიპიდები, სტეროიდები
მარტივი ლიპიდები.
ნეიტრალური ცხიმები ყველაზე გავრცელებული ცხიმებია ბუნებაში. მისი მოლეკულა წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავების 3 მოლეკულისა და 3 ატომიანი ერთი მოლეკულა სპირტის, გლიცერინისგან. ამ ჯგუფში შედის ცხიმები, რომლებიც მყარ მდგომარეობაშია 20 გრადუსზე და ზეთები, რომლებიც თხევადია ამავე ტემპერატურაზე. ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანქვეშა ცხიმი.
ცვილი – ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმისებრი ნივთიერებაა. შედგება უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და რთული ეთერებისაგან. ისინი ფარავენ ცხოველების კანს, ტყავს და იცავს მათ წყლისგან. ფუტკრები ცვილისგან ამზადებენ ფიჭას.
რთული ლიპიდები.
ფოსფოლიპიდები – რთული ლიპიდები, რომელთა მოლეკულა ფოსფორმჟავას ნაშთს შეიცავს. ფოსფოლიპიდები შეიცავენ აგრეთვე გლიცერინს და ცხიმოვან მჟავებს. ფოსფოლიპიდები ფართოდაა გავრცელებული როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ ორგანიზმებში, აგრეთვე მიკრობებში. ისინი შედიან ყველა უჯრედის მემბრანების შემადგენლობაში და განაპირობებენ ამ უკანასკნელთა აღნაგობას, აგრეთვე განვლადობას, მათზე განლაგებული ფერმენტების აქტივობას.
ლიპოპროტეიდები – ლიპოპროტეიდები ცილისა და ლიპიდისაგან წარმოქმნილი კომპლექსები. შედის მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მემბრანის შემადგენლობაში. ლიპოპროტეინებს შეიცავს სისხლის პლაზმა. ლიპოპროტეინებს ყოფენ ოთხ მთავარ კლასად:
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – ფოსფოლიპიდები
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – უმთავრესად ქოლესტეროლი
მეტად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები – ტრიგლიცერიდები
ქილიმიკრონები
ცხიმების ფუნქციები უჯრედში.
ენერგეტიკული ფუნქცია ცხიმები ინახავენ ენერგიას. 1 გრ. ლიპიდების დაჟანგვით გამოიყოფა 9 კკალ. ენერგია.
სტრუქტურული, ანუ სამშენებლო ფუნქცია. ლიპიდები ყველა უჯრედის მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია.
მომმარაგებელი ფუნქცია. ცხიმები წარმოადგენენ სარეზერვო საკვებ ნივთიერებებს ცხოველებისა და მცენარეებისათვის.
ლიპიდები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც წყლის მარაგი, ანუ 1 გრამი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით გამოიყოფა 1 გრამზე მეტი წყალი.
დამცავი ფუნქცია. ლიპიდები გვიცავენ ფიზიკური დაზიანებისგან. ცხიმის ფენა უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების ამორტიზაციას, იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან. ცხოველებსა და მცენარეებში ცვილი წყალგაუმტარი საფარველია, იცავს მათ წყლის ზედმეტი აორთქლებისგან გვალვის დროს.
თერმოსაიზოლაციო ფუნქცია. კანქვეშა ცხიმის ფენა ეწინააღმდეგება თბოგადაცემას, იცავენ ორგანიზმს ტემპერატურული ცვლილებებისგან. ეს მნიშვნელოვანია ცოცხალი არსებებისთვის რომლებიც ცხოვრობენ მკაცრი ცხელი და ცივი კლიმატის პირობებში.
რეგულატორული ფუნქცია. ლიპიდები არიან ზოგიერთი ვიტამინების (მაგ. ვიტამინები A, D, E შედგება ცხიმისაგან) და ჰორმონის, მაგ. სასქესო ჰორმონების ტესტოსტერონის და ესტროგენის წინამორბედები. არეგულირებს მცენარეების ზრდას.