რა არის ქოლესტერინი და მავნებელია თუ არა ის?
ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მისი 80% გამომუშავდება ორგანიზმში (ღვიძლი, ნაწლავები, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), ხოლო 20%–ს საკვებიდან ვიღებთ. ქოლესტერინს შეიცავს ნაჯერი ცხოველური ცხიმები, მცენარეული ცხიმები ქოლესტერინს არ შეიცავს.
ნებისმიერი უჯრედის მემბრანა შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც მემბრანას აძლევს სიმკვრივეს და სიმტკიცეს. მუდმივად წარმოიქმნება ახალი უჯრედები და ამისთვის საჭიროა ქოლესტერინი.
ქოლესტერინის გარეშე ვერ სინთეზირდება ქალური და მამაკაცური ჰორმონები, მაგ. ტესტოსტერონი. ასევე სხვა ჰორმონები, მათ შორის ალდოსტერონი. დედის რძეც შეიცავს ბევრ ქოლესტერინს.
ქოლესტერინი არის ნაღველის მთავარი კომპონენტი. ნაღველი წარმოიქმნება ღვიძლის მიერ, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის მონელებას.
ვიტამინი D სინთეზირდება ქოლესტერინისგან. ის საჭიროა ზრდისთვის, იმუნური სისტემისთვის, ინსულინის, ზრდის ჰორმონის და სხვა ჰორმონების გამომუშავებისთვის.
ქოლესტერინი შედის ნერვული ღეროს მიელინურ გარსში, ტვინის ნორმალური მუშაობაც დამოკიდებულია ქოლესტერინზე.
როგორ ხვდება ორგანიზმში ქოლესტერინი.
როცა ცხიმიანი და ქოლესტერინით მდიდარი საკვები ხვდება ნაწლავში, გამომუშავდება ნაღველი, რომელიც ეხმარება ცხიმების დაშლას და ქოლესტერინის ათვისებას. ნაღველი თავად შედგება ქოლესტერინისგან. ქოლესტერინი და ცხიმები არ იშლება წყალში და სისხლში. იმისათვის რომ ცხიმები და ქოლესტერინი მოხვდეს სისხლში, საჭიროა ცხიმის გადამტანი კაფსულები. ღვიძლი იწყებს ლიპოპროტეიდების სინთეზს, რომელიც წყალში ხსნადია და შედგება ცხიმისა და ცილისგან. ლიპოპროტეიდები არიან მტვირთავები, მათ გადააქვთ ქოლესტერინი სადაც საჭიროა და საიდანაც საჭიროა.
ლიპოპროტეიდებს ყოფენ 4 კლასად, ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები შედგება ცოტა ცილისა და ბევრი ცხიმისგან, მისი ფუნქციაა ქოლესტერინის მიწოდება უჯრედში, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები შედგება ბევრი ცილისა და ცოტა ცხიმისგან, მისი ფუნქციაა ზედმეტი ქოლესტერინის უკან დაბრუნება ღვიძლში, ნაღველში. შესაბამისად მსლ კარგ ქოლესტერინს ეძახიან, ხოლო დსლ ცუდ ქოლესტერინს.
დსლ შეიცავს სისხლში არსებული ქოლესტერინის 75%, მათ გადააქვთ ქოლესტერინი ღვიძლში, ნაწლავებში, ტვინში და სადაც საჭიროა. მსლ შეიცავენ სისხლში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ 20%-ს, ისინი აბრუნებენ გამოუყენებელ ქოლესტერინს ღვიძლში, სადაც გარდაიქმნება ნაღველაში. მას გამოაქვს ქოლესტერინი ათეროსკლეროზული ბალთებიდან, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვებში.
დსლ არის დიდი მოლეკულა, ხოლო მსლ არის პატარა მოლეკულა. სისხლძარღვებზე არის ჭრილობები, სადაც ჯდება დსლ, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება და გული იძულებულია სისხლი გადაქაჩოს უფრო დიდი წნევით, რაც იწვევს წნევის მომატებას. ამის შემდეგ ქოლესტერინი იწყებს დაჟანგვას რომელსაც შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვი. სისხლძარღვები მცირდება, ხდება არაელასტიური, მტვრევადი, უჭირს შეკუმშვა – მოდუნება, შესაბამისად გვეწყება წნევები. ამას ემატება კალციუმი, რომელიც ემატება დაჟანგულ ქოლესტერინს და აზიანებს/ჭამს სისხლძარღვის შიდა კედელს, ერთხელაც ეს ბალთა შეიძლება მოწყდეს და ამ ადგილზე ჩნდება ტრომბი. ამ დაზიანებული ადგილის შევსებას იწყებენ ტრომბოციტები და ბოლოს ეს ტრომბი სისხლძარღვს კეტავს. თუ ეს არის კორონარული სისხლძარღვი, გამოიწვევს ინფარქტს.
ცუდია არა მაღალი ქოლესტერინი, არამედ ცუდი თანაფარდობა მსლ–სა და დსლ–ს შორის. თუ გაქვთ დაბალი ქოლესტერინი, მაგრამ დსლ მეტია, ვიდრე მსლ, ეს მაინც ცუდია, უნდა ვეცადოთ, რომ მსლ იყოს მეტი.
ფიზიკური აქტიურობა ხელს უწყობს მსლ–ს წამოიღონ არამოთხოვნადი ქოლესტერინი. რაც უფრო ბევრს ვვარჯიშობთ, მით ნაკლებად გვიგროვდება ქოლესტერინი. თუ ჩვენ არ მივიღებთ საკმარის ცილებს, მაშინ არ გვეყოფა კარგი ლიპოპროტეიდებისთვის ცილა. ამიტომ უნდა ვჭამოთ ცილოვანი პროდუქტი საკმარისად, რომ არ წარმოიქმნას მარტო დსლ (რომელსაც არ ჭირდება ბევრი ცილა) და არ დაირღვეს კარგი და ცუდი ქოლესტერინის თანაფარდობა.
ის რომ საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი უმატებს ქოლესტერინს სისხლში, ეს მითია! ჩვენ ორგანიზმში არსებობს ორი სახის ქოლესტერინი, ეგზოგენურია საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი, ხოლო ჩვენი ღვიძლის მიერ გამომუშავებული – ენდოგენური.
ჩვენ ვერ მოვახდენთ საკვები ქოლესტერინით მნიშვნელოვან ზეგავლენას საერთო ქოლესტერინის ნორმაზე. ღვიძლი გამოიმუშავებს 10-ჯერ მეტ ქოლესტერინს, ვიდრე ჩვენ ვიღებთ საკვებიდან.
როდესაც ექიმები გვეუბნებიან, რომ არ უნდა ვჭამოთ პროდუქტები რომლებიც შეიცავენ ქოლესტერინს, ან ვზივართ უცხიმო დიეტაზე, ამით გავლენას ვერ მოვახდენთ მაღალი ქოლესტერინის შემცირებაზე, სამაგიეროდ ცხიმიან საკვებზე უარის თქმით სერიოზული პრობლემები შეექმნება ორგანიზმს, რადგან ნაღველი გამოიყოფა მხოლოდ ცხიმისგან. რაც უფრო ნაკლებ ცხიმიან საკვებს მივიღებთ, მით ნაკლები ნაღველი გამოიყოფა, ზედმეტი ქოლესტერინი ვერსად ვერ დაგროვდება, მცირდება მსლ და იზრდება დსლ, ჩვენ კი გვჭირდება კარგი ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელსაც ამცირებს უცხიმო დიეტა.
საკვები ქოლესტერინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის განახლებაში. საკვების გადამუშავებისას ნაწლავების ლორწოვანი გარსი და უჯრედები ზიანდება, მათი აღდგენისთვის ყოველდღე საჭიროა ქოლესტერინი, ქოლესტერინი ხომ უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტია. სწორედ ჩვენს მიერ საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი გამოიყენება ნაწლავების განახლებაზე.
რა ხდება მაშინ, როცა ჩვენ ვართ უცხიმო დიეტაზე და არ ვიღებთ ქოლესტერინს?
ღვიძლი იღებს სიგნალს ნაწლავებისგან, რომ სჭირდება ქოლესტერინი უჯრედების განახლებისთვის და იწყებს მეტი ქოლესტერინის გამომუშავებას, რომელიც გადააქვს დსლ. შესაბამისად ცუდი ქოლესტერინის დონე მატულობს, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონე ეცემა, იმიტომ რომ ნაღველი არ გამოიყოფა. ამას ადასტურებს ინდოელი ვეგეტარიანელების სისხლის ანალიზი, რომლებსაც უნდა ქონდეთ ქოლესტერინის დონე დაბალი თუმცა აქვთ მაღალი. ხოლო სხვა ქვეყნებში სადაც ყოველდღე ჭამენ ყველაზე მეტ ქოლესტერინის შემცველ პროდუქტს, ყველაზე ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადებები და ათეროსკლეროზი.
ათეროსკლეროზი რომელსაც თითქოსდა იწვევს ქოლესტერინის ბევრი მიღება საკვებიდან, ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს არტერიებს და სისხლძარღვებს. სისხლძარღვებში სხვადასხვა მიზეზით ჩნდება მიკრო ბზარები, რომლებიც უნდა ამოივსოს. იმუნური უჯრედები აღწევენ ბზარებში და ავსებენ მას. ისინი სისხლიდან იჭერენ დსლ ბზარების ამოსავსებად, ეს მათი საშენი მასალაა. ეს უჯრედები სივდება, რომელიც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. იმატებს წნევა. ამას იწვევს ბალთები, რომლებიც გაჩნდა სისხლძარღვებზე.
კავშირი მაღალ ქოლესტერინსა და ათეროსკლეროზს შორის დღემდე არ დაუდგენიათ, თუმცა ექიმები პაციენტებს მკურნალობენ უცხიმო დიეტით და ქოლესტერინის დამწევი პრეპარატებით. ათეროსკლეროზი აქვთ ქოლესტერინის კარგი მაჩვენებელის მქონე პაციენტებსაც.
ათეროსკლეროზი არის გამოხმაურება სისხლძარღვების დაზიანებაზე. სისხლძარღვებს აზიანებს: მოწევა, არასწორი ცხოვრების წესი, სტრესული სიტუაციები, ცილის ნაკლებობა, ჰორმონალური თერაპია და სხვა. ექიმებმა ყველაფერი დააბრალეს ქოლესტერინის მაღალ დონეს, ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ათეროსკლეროზი იწყება სისხლძარღვების დაზიანებით
და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს როგორია ქოლესტერინის დონე სისხლში, ამიტომ აქვთ ათეროსკლეროზი ქოლესტერინის კარგი მაჩვენებელის მქონე პაციენტებსაც.
როგორ ვუმკურნალოთ სისხლძარღვებს?
უნდა გავზარდოთ ფიზიკური აქტიურობა, რითაც მატულობს სისხლის მიმოქცევა. მივიღოთ ბევრი ცილა, რომელისგანაც შედგება სისხლძარღვები. უნდა მივსდევდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, მივიღოთ ანტიოქსიდანტები, საკმარისი ვიტამინები და მინერალები, მაშინ არ განვითარდება ათეროსკლეროზი და მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაშიც ვიქნებით ჯანმრთელები.
ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისთვის გამოიყენება დაჟანგვის შედეგად გაფუჭებული ქოლესტერინი, თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით მოდიფიცირებული დსლ. იმისათვის რომ არ მოხდეს ქოლესტერინის დაჟანგვა, უნდა მოვაშოროთ თავისუფალი რადიკალები, ამისთვის უნდა მივიღოთ ანტიოქსიდანტები და ვიტამინები.
როგორ მკურნალობენ დღეს ქოლესტერინს?
ექიმები ცდილობენ შეცვალონ მაღალი და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის თანაფარდობა უცხიმო დიეტით, რაც არასწორია.
ჩვენ უკვე ვიცით რა უკუჩვენება მოყვება უცხიმო დიეტას. ქოლესტერინის ხელოვნურად/პრეპარატებით შემცირებით ჩვენ მის გარეშე ვტოვებთ ყველა ქსოვილს, რომლებიც საჭიროებს ქოლესტერინს. თავბრუსხვევა, ამნეზია, ანორექსია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ჰიპო და ჰიპერგლიკემია, უშვილობა, ციკლის დარღვევა, ფრიგიდულობა, სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება, შარდ–სასქესო სისტემის დაავადებები, რასაც იწვევს დაბალი ქოლესტერინი.
სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი მიზეზებია ასაკი, სქესი – მამაკაცებში უფრო მაღალია რისკი, მოწევა, უმოძრაობა, დიაბეტი, მაღალი წნევა, ბევრი შაქრის და მარილის გამოყენება. საჭიროა არა ქოლესტერინისგან მკურნალობა, არამედ სისხლძარღვების მკურნალობა.
დავამატებ, რომ კვერცხის, ნამდვილი ნაღების კარაქის, ღორის ქონის ზომიერი მიღებით არ მატულობს ქოლესტერინის დონე სისხლში.