ლიპიდები

ლიპიდები წარმოადგენს ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ორგანულ ნაერთთა ფართო ჯგუფს, რომლებიც გვხვდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. ისინი ასრულებენ ენერგეტიკულ, სტრუქტურულ, დამცავ და რეგულატორულ ფუნქციებს. ლიპიდები ქმნიან ენერგიის მნიშვნელოვან რეზერვს, მონაწილეობენ უჯრედის მემბრანების აგებულებაში, უზრუნველყოფენ თერმოიზოლაციას და იცავენ ორგანიზმს მექანიკური დაზიანებებისგან.
ლიპიდები არ იხსნება წყალში, მაგრამ კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში (ეთერი, ქლოროფორმი, ბენზინი და სხვა). ზოგიერთ უჯრედში მათი შემცველობა შეადგენს მხოლოდ 5–10%-ს, ხოლო ზოგ შემთხვევაში აღწევს 90%-საც (მაგალითად, ზეთის მცენარეებში ან კანქვეშა ცხიმის უჯრედებში).
➤ ცხიმების აგებულება
ცხიმები (ტრიგლიცერიდები) შედგება გლიცერინისა (სამატომიანი სპირტი) და სამი ცხიმოვანი მჟავისგან.
➤ ლიპიდების კლასიფიკაცია
🔹 მარტივი ლიპიდები
- ტრიგლიცერიდები (ნეიტრალური ცხიმები)
- ცვილები
🔹 რთული ლიპიდები
- ფოსფოლიპიდები
- გლიკოლიპიდები
- ლიპოპროტეინები
- სტეროიდები
➤ მარტივი ლიპიდები
🔹 ნეიტრალური ცხიმები (ტრიგლიცერიდები)
ნეიტრალური ცხიმები ბუნებაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლიპიდებია. მათი მოლეკულა შედგება ერთი გლიცერინისა და სამი ცხიმოვანი მჟავისგან.
20 °C ტემპერატურაზე მყარი ტრიგლიცერიდები ეწოდება ცხიმებს, ხოლო თხევადი — ზეთებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი.
🔹 ცვილები
ცვილები არის მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ცხიმისებრი ნივთიერებები. ისინი შედგება უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და უმაღლესი ერთატომიანი სპირტების ეთერებისგან.
ცვილები ქმნიან წყალგაუმტარ საფარველს მცენარეებსა და ცხოველებში და იცავენ მათ წყლის დაკარგვისგან. ფუტკრები ცვილისგან ამზადებენ ფიჭას.
➤ რთული ლიპიდები
🔹 ფოსფოლიპიდები
ფოსფოლიპიდები წარმოადგენს რთულ ლიპიდებს, რომელთა მოლეკულა შეიცავს ფოსფორმჟავას ნაშთს, გლიცერინს და ცხიმოვან მჟავებს.
ისინი ფართოდ არის გავრცელებული ყველა ცოცხალ ორგანიზმში და წარმოადგენს უჯრედის მემბრანების ძირითად სტრუქტურულ კომპონენტს. ფოსფოლიპიდები განსაზღვრავენ მემბრანის აგებულებას, განვლადობას და მემბრანულ ფერმენტთა აქტივობას.
🔹 ლიპოპროტეინები
ლიპოპროტეინები არის ლიპიდებისა და ცილების კომპლექსები, რომლებიც მონაწილეობენ ლიპიდების ტრანსპორტში. ისინი შედიან უჯრედის მემბრანებისა და სისხლის პლაზმის შემადგენლობაში.
🔹 ლიპოპროტეინების ძირითადი კლასებია:
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL) – მდიდარია ფოსფოლიპიდებით
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) – შეიცავს ქოლესტეროლს
- მეტად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (VLDL) – შეიცავს ტრიგლიცერიდებს
- ქილომიკრონები – მონაწილეობენ საკვები ცხიმების ტრანსპორტში
➤ ლიპიდების ფუნქციები უჯრედში
🔹ენერგეტიკული ფუნქცია
ლიპიდები ენერგიის კონცენტრირებული წყაროა. 1 გრამი ლიპიდის დაჟანგვისას გამოიყოფა დაახლოებით 9 კკალ ენერგია.
🔹 სტრუქტურული ფუნქცია
ლიპიდები წარმოადგენს ყველა უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს.
🔹 მომმარაგებელი ფუნქცია
ცხიმები ენერგიის სარეზერვო წყაროა როგორც ცხოველებისთვის, ისე მცენარეებისთვის.
🔹 წყლის მარაგის ფუნქცია
ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური წყალი — 1 გრამ ცხიმის დაჟანგვისას გამოიყოფა 1 გრამზე მეტი წყალი.
🔹 დამცავი ფუნქცია
ლიპიდები იცავს ორგანიზმს მექანიკური დაზიანებებისგან. ცხიმოვანი ფენა ამორტიზაციას უწევს შინაგან ორგანოებს, ხოლო ცვილები ქმნის წყალგაუმტარ საფარველს და იცავს ორგანიზმს გამოშრობისგან.
🔹 თერმოსაიზოლაციო ფუნქცია
კანქვეშა ცხიმოვანი ფენა ამცირებს სითბოს დაკარგვას და იცავს ორგანიზმს ტემპერატურული ცვლილებებისგან.
🔹 რეგულატორული ფუნქცია
ლიპიდები წარმოადგენს ცხიმხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) და სტეროიდული ჰორმონების (ტესტოსტერონი, ესტროგენი) წინამორბედებს. ისინი ასევე მონაწილეობენ მცენარეთა ზრდისა და განვითარების რეგულაციაში.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

