ჰომეოსტაზი და თერმორეგულაცია

ადამიანის ორგანიზმი არის ღია ბიოლოგიური სისტემა, რომელიც მუდმივად ცვლის ენერგიასა და ნივთიერებებს გარემოსთან. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ორგანიზმს სჭირდება გარკვეული შიდა პირობების სტაბილურად შენარჩუნება, რაც მიიღწევა ჰომეოსტაზის მეშვეობით.
➤ რა არის ჰომეოსტაზი?
ჰომეოსტაზი არის ორგანიზმის თვითრეგულაციის უნარი, რომლის მეშვეობითაც შენარჩუნებულია შინაგანი გარემოს შედარებითი მუდმივობა, მიუხედავად გარე პირობების ცვლილებისა.
ჰომეოსტაზის საშუალებით რეგულირდება:
- წყლის მოცულობა ორგანიზმში
- გლუკოზის დონე სისხლში
- ჟანგბადის და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია
- არტერიული წნევა
- ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი უჯრედებსა და უჯრედშორის სივრცეში
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH)
ამ მექანიზმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც.
➤ ორგანიზმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრები
ორგანიზმი განსაკუთრებით მკაცრად აკონტროლებს:
- სხეულის ტემპერატურას
- სისხლში ჟანგბადის დონეს
- მარილების კონცენტრაციას
- მჟავა-ტუტოვან ბალანსს
- სისხლში შაქრის დონეს
ამ პარამეტრებიდან რომელიმეს ხანგრძლივი გადახვევა ნორმიდან შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
➤ ადამიანის ორგანოთა სისტემები და ჰომეოსტაზი
ადამიანის ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან. უჯრედები ქმნიან ქსოვილებს, ქსოვილები – ორგანოებს, ხოლო ორგანოები – ორგანოთა სისტემებს. თითოეულ სისტემას აქვს საკუთარი ფუნქცია ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად:
- საყრდენ-მამოძრავებელი – უზრუნველყოფს მოძრაობასა და დაცვას
- გულ-სისხლძარღვთა – გადააქვს სისხლი და ნივთიერებები
- სასუნთქი – ახორციელებს გაზთა ცვლას
- საჭმლის მომნელებელი – ამუშავებს და ითვისებს საკვებს
- გამომყოფი – აშორებს ზედმეტ წყალსა და ნარჩენებს
- რეპროდუქტიული – უზრუნველყოფს გამრავლებას
- იმუნური – იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან
- ნერვული – სწრაფად რეაგირებს შიდა და გარე ცვლილებებზე
- ენდოკრინული – ჰორმონების მეშვეობით ახორციელებს ხანგრძლივ რეგულაციას
ნერვული სისტემა მოქმედებს სწრაფად და მოკლევადიანად, ხოლო ენდოკრინული სისტემა – ნელა, მაგრამ ხანგრძლივად.
ორგანოთა სისტემებთან ერთად, ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში მონაწილეობს ჩვენი ქცევაც: შიმშილის დროს ვჭამთ, სიცხეში ვიხდით ტანსაცმელს, სიცივეში ვმოძრაობთ ან ვთბებით.
➤ როგორ მუშაობს ჰომეოსტაზი?
ჰომეოსტაზის ძირითადი მექანიზმი არის უარყოფითი უკუკავშირი. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარამეტრი ნორმას სცდება, ორგანიზმი რთავს მექანიზმებს მის საპირისპიროდ დასარეგულირებლად.
მაგალითად:
თუ სისხლში გლუკოზის დონე მოიმატებს, რეცეპტორები აფიქსირებენ ცვლილებას და სიგნალი მიეწოდება ნერვულ სისტემას. შედეგად კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ინსულინს, რომელიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აბრუნებს ნორმაში.
მსგავსი პრინციპით მუშაობს მრავალი ტექნიკური სისტემა: კლიმატ-კონტროლი, ავტოპილოტი, თერმოსტატები – ყველა ეფუძნება უკუკავშირს და ენერგიის ხარჯვას.
➤ თერმორეგულაცია
ადამიანი არის თბილსისხლიანი ორგანიზმი, ამიტომ სხეულის ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს დაახლოებით 36.5–37°C ფარგლებში.
თუ ტემპერატურა იმატებს (ჰიპერთერმია), ორგანიზმი ცდილობს მის შემცირებას, ხოლო თუ იკლებს (ჰიპოთერმია) – აწევას.
🔹 როგორ ამცირებს ორგანიზმი ტემპერატურას?
ტემპერატურის მომატებისას:
- ფართოვდება კანის სისხლძარღვები
- იზრდება ოფლის გამოყოფა
- მცირდება ფიზიკური აქტივობა
- ქვეითდება მადა
ოფლის აორთქლება კანიდან იწვევს გაგრილებას. სისხლის კანთან გადანაწილება აძლიერებს სითბოს გადაცემას გარემოში.
🔹 როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი სითბოს?
სიცივის დროს:
- ვიწროვდება კიდურების სისხლძარღვები
- იზრდება კუნთების აქტივობა (ცახცახი, მოძრაობა)
- იმატებს მადა
- მცირდება სითბოს დაკარგვა
სისხლი უფრო მეტად ცენტრალურ ორგანოებს მიეწოდება, რათა დაცული იყოს ტვინი და გული.
⚠️ შინაგანი ტემპერატურის 30°C-მდე დაცემისას ვითარდება მძიმე ჰიპოთერმია, რაც იწვევს გულის რიტმის დარღვევას და შესაძლოა ფატალური შედეგიც ჰქონდეს.
🔹 როგორ გასცემს სხეული სითბოს?
- ამოსუნთქვით (თბილი ჰაერი)
- ოფლიანობით
- სისხლძარღვების გაფართოებით
🔹 საიდან იღებს ორგანიზმი სითბოს?
- კუნთების მუშაობისას
- საკვების მონელებისას
- გარე წყაროებიდან (მზე, სითბო)
- სისხლძარღვების შევიწროებით სითბოს შენარჩუნებით
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

