რა არის ანაბოლიზმი, კატაბოლიზმი და მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) არის ყველა ქიმიური რეაქციის ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამ პროცესების მეშვეობით ორგანიზმი იღებს ენერგიას, აშენებს საკუთარ ქსოვილებს, არეგულირებს ტემპერატურას, გულისცემას და უზრუნველყოფს ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მუშაობას.
ორგანიზმს ენერგია მუდმივად სჭირდება — როგორც დასვენების მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური აქტივობის დროს.
მეტაბოლიზმი იყოფა ორ ურთიერთდაკავშირებულ ეტაპად: ანაბოლიზმად და კატაბოლიზმად.
➤ ანაბოლიზმი
ანაბოლიზმი არის ყველა ის პროცესი, რომელიც მიმართულია ახალი, რთული ნივთიერებების სინთეზისკენ. ამ პროცესის დროს ორგანიზმი იყენებს ენერგიას (ძირითადად ატფ-ს) მარტივი მოლეკულებისგან რთული სტრუქტურების ასაშენებლად.
ანაბოლიზმს ხშირად პლასტიკურ ცვლას ან ასიმილაციას უწოდებენ.
ანაბოლიზმის მაგალითებია:
- ცილების სინთეზი ამინომჟავებისგან
- კუნთოვანი ქსოვილის ზრდა
- ჰორმონების და ფერმენტების წარმოქმნა
- გლიკოგენის და ცხიმის მარაგების დაგროვება
- უჯრედებისა და ქსოვილების აღდგენა
➤ კატაბოლიზმი
კატაბოლიზმი ანაბოლიზმის საპირისპირო პროცესია. მის დროს რთული ორგანული ნივთიერებები იშლება მარტივ ნაერთებად, რის შედეგადაც გამოიყოფა ენერგია. ამ ენერგიის ძირითადი ფორმა არის ატფ (ადენოზინტრიფოსფატი).
კატაბოლიზმს ასევე უწოდებენ ენერგეტიკულ ცვლას ან დისიმილაციას.
კატაბოლიზმის მაგალითებია:
- ნახშირწყლების დაშლა გლუკოზად
- ცხიმების დაშლა ცხიმოვან მჟავებად
- ცილების დაშლა ამინომჟავებად
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ კატაბოლიზმი არ არის „ცუდი“ პროცესი. პირიქით — მის გარეშე ორგანიზმი ვერ მიიღებს ენერგიას, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის და ანაბოლური პროცესების მიმდინარეობისთვის.
➤ ანაბოლიზმისა და კატაბოლიზმის ურთიერთკავშირი
კატაბოლიზმის დროს მიღებული ენერგია გამოიყენება:
- ახალი უჯრედების შესაქმნელად
- ქსოვილების აღსადგენად
- კუნთების ზრდისა და ჰორმონების სინთეზისთვის
ანუ კატაბოლიზმი და ანაბოლიზმი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს — ისინი მეტაბოლიზმის ორი განუყოფელი მხარეა.
➤ როგორ მიმდინარეობს მეტაბოლიზმი ეტაპობრივად
- საკვებიდან მიღებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები იშლება მარტივ მოლეკულებად საჭმლის მომნელებელი სისტემის დახმარებით.
- მიღებული საშენი მასალა სისხლის მიმოქცევის სისტემით გადაადგილდება უჯრედებში.
- საკვები ნივთიერებების დაშლის შედეგად მიღებული ენერგია მოიმარაგება ატფ-ის სახით.
- ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავებისა და მარტივი შაქრებისგან ორგანიზმი აწყობს საკუთარ ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს.
- ზედმეტი ენერგია ინახება გლიკოგენის სახით ღვიძლსა და კუნთებში, ხოლო ცხიმი — კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. საჭიროების შემთხვევაში ეს მარაგები გამოიყენება ენერგიის წყაროდ.
სწორედ ამ მარაგების არსებობის გამო ადამიანს შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში იარსებოს საკვების გარეშე.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

