თაფლი – სასარგებლო თუ საზიანო პროდუქტი ორგანიზმისთვის.
ძირითადად ზედმეტი კილოგრამები გროვდება არასწორი კვებითი ჩვევებიდან და უმოძრაო ცხოვრების რეჟიმიდან. ა. გ. ორგანოზმში არის ჰორმონალური დისბალანსი, მიმდინარეობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ანთებითი პროცესი. ადამიანებს გონიათ, რომ სწორად იკვებებიან, მაგრამ უჭირთ წონაში დაკლება.
ბევრი პროდუქტი რომელიც გვგონია ჯანსაღი და სასარგებლო შეიცავს შაქარს, რომელიც გვიგროვებს ცხიმს და გვირყევს ჯანმრთელობას. ისინი, ვინც ტკბილზე არიან დამოკიდებული, მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და ხშირ შემთხვევაში საერთოდ ამოიღონ რაციონიდან შაქრის შემცველი პროდუქტები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიხსნიან მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას, შესაბამისად ვერ დაამარცხებენ ზედმეტ წონას. ასეთ ადამიანებს ერთადერთ მხსნელად ევლინებათ თაფლი და მაშინვე ისმის შეკითხვა: თაფლი ხომ შეიძლება მივიღოთ შაქრის მაგივრად? თაფლი ხომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის? სამწუხაროდ მათ სხვა მითებთან ერთად ეს მითიც ენგრევათ.
თაფლზე ბევრი კარგი გვსმენია და გვგონია, რომ თუ ყოველდღიურად მივირთმევთ, ორგანიზმს გავაძლიერებთ და ავიმაღლებთ იმუნიტეტს. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს (ფრუქტოზას და გლუკოზას), ყოველდღიური მირთმევისას ის ორგანიზმზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს.
დიდი რაოდენობით გლუკოზისგან და ფრუქტოზისგან ღვიძლი ხდება გაცხიმოვნებული (ჰეპატოზი), ცუდ დღეში ვარდება კუჭქვეშა ჯირკვალი პანკრეასი, გვემართება ქრონიკული პანკრეატიტი. გვეწყება ქრონიკული ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი), ორგანიზმში მატულობს ცუდი ქოლესტერინის დონე და გვემართება სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ეს ყველა დაავადება ურთიერთ კავშირშია და წარმოადგენს მეტაბოლურ სინდრომს. მეტაბოლური სინდრომი აქვს ყველას, ვისაც აქვს ჭარბი წონა. ამიტომ, ჭარბი წონის დარეგულირება არის პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემების მოწესრიგება.
თაფლი არასოდეს წარმოადგენდა ყოველდღიურ საკვებს, ის იყო სამკურნალო საშუალება. თაფლი შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფექციური და ვირუსული დაავადების დროს დღეში 1-2 ჯერ მცირე რაოდენობით, რადგან ამ დროს ჩვენი იმუნიტეტი ებრძვის ორგანიზმში ინფექციებს, ვირუსებს და ჩვენ სუსტად ვგრძნობთ თავს. თაფლი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. თაფლს შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა ოფლის სახით თბილ ჩაისთან ან რძესთან ერთად. ასე რომ, როცა ვართ ავად და ვებრძვით ვირუსს ან ინფექციას თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ თაფლი, ხოლო თუ ჩვენ პრევენციის სახით ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად ხშირად მივირთმევთ თაფლს, მით უმეტეს კარაქიან პურზე გადასმულს, ეს მიგვიყვანს ჩვენ მეტაბოლურ სინდრომამდე მთელი თავისი გამოვლინებებით.