კუნთების დაგვიანებული ტკივილი – კრეპატურა.
ინტენსიურ ან უჩვეულო დატვირთვას შეუძლია გამოიწვიოს კუნთების სხვადასხვა დაზიანება. კუნთების დაზიანების ერთ-ერთ შედეგია კუნთების დაგვიანებული გადადებული ტკივილი – კრეპატურა. კუნთების ტკივილი იწყება დატვირთვიდან 6-12 სთ. შემდეგ, ტკივილის პიკი იგრძნობა 48-72 სთ. შემდეგ. 5-7 დღის შემდეგ ტკივილი ქრება.
ხშირად კრეპატურას განიცდიან გაუვარჯიშებელი ადამიანები, რომლებიც ძალიან ინტენსიურად ტვირთავენ ორგანიზმს პირველ ვარჯიშზე, ან სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშის დროს ირჩევენ მათთვის უჩვეულო, განსხვავებულ ვარჯიშებს.
ამ სინდრომის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზია ექსცენტრიული მოძრაობა, (ექსცენტრიული/შტანგის დაშვება და კონცენტრიული/შტანგის აწევა). ამ დროს წარმოიშობა სამუხრუჭე ან უარყოფითი ძალები, რომლებმაც თუნდაც გავარჯიშებულ კუნთებში შეიძლება გამოიწვიოს კრეპატურის სიმპტომები.
კრეპატურის მიზეზები.
კრეპატურის გამომწვევი მიზეზი არის უფრო მექანიკური, ვიდრე მეტაბოლური. კვლევებმა აჩვენა სარკომერების სტრუქტურული ცვლილებები, ასევე დაზიანებები კუნთის შემაერთებელ ქსოვილში და სარკოპლაზმაში.
კუნთების სტრუქტურული დაზიანების გამო ვითარდება ანთებითი რეაქცია. ანთება არის ორგანიზმის რეაქცია ქსოვილის დაზიანების მიმართ. თავიდან ანთება ხასიათდება კუნთოვანი ქსოვილის სისხლძარღვთა შევიწროებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლის დაკარგვა. შემდეგ სისხლძარღვები ფართოვდება და მათი გამტარობა იზრდება.
დაზიანებულ ქსოვილში გამოთავისუფლდებიან პროანთებითი მედიატორები პროსტაგლანდინები, რომელთა მიზანია იმუნური უჯრედების მოზიდვა. ექსცენტრიული დატვირთვის (ანუ წონის დაშვების) შემდეგ რამოდენიმე საათში სისხლის პლაზმაში აღინიშნება პროსტაგლანდინებისზრდა და ანთებით ქსოვილში ხვდება იმუნური უჯრედები (ლეიკოციტები). იმუნური უჯრედების მიზანია დაზიანებული უჯრედების ნარჩენების აღმოფხვრა და რემოდელირების დაწყება. სისხლძარღვების გაფართოება და გამტარობის გაზრდა ხელს უწყობს ანთებით ქსოვილში როგორც იმუნური უჯრედების შეღწევას, ასევე ცილებით მდიდარი სითხისა და ლიმფის მიწოდებას, რაც იწვევს ქსოვილში სითხის დაგროვებას – შეშუპებას. კუნთების შეშუპება შეინიშნება ექსცენტრიული დატვირთვის შემდეგ 72 სთ. განმავლობაში და შესაბამისად იწვევს კუნთის ტკივილს.
ანთებითი პროცესები ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების ჭრილობის განკურნებას და აღდგენას, ასევე იზრდება ცილის სინთეზი.
განმეორებითი დატვირთვის ეფექტი.
ფიზიკური დატვირთვის გამეორებით კრეპატურის სიმპტომები მნიშვნელოვნად მცირდება. ამას ეწოდება გამეორებითი დატვირთვის ეფექტი. ის მდგომარეობს შემდეგში: კუნთების დროებითი ადაპტაცია რომელიმე სპეციფიური დატვირთვის მიმართ, რაც შესაძლებელია მხოლოდ სრულფასოვანი დასვენების შემდეგ. ამრიგად, იგივე ინტენსიურობის და ხანგრძლივობის მომდევნო ექსცენტრიული დატვირთვისას მცირდება ანთებითი რეაქციის ხარისხი. ამავე დროს მცირდება ტკივილის შეგრძნების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ძალის აღდგენის დრო. ეს ეფექტი აღინიშნება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ახალი განსხვავებული დატვირთვა არ გამოიწვევს კუნთების დაგვიანებული ტკივილის პროვოცირებას.
კრეპატურის პრევენცია და მკურნალობა.
კრეპატურის შემცირების ერთადერთი პრევენციული საშუალებაა ვარჯიშის წინ კუნთების გახურება. ეს მეთოდი თავიდან ვერ აგაცილებთ კუნთების ტკივილს, მაგრამ შეასუსტებს მის სიმპტომებს.
ასევე იყენებენ ცივ კომპრესებს, ცვლადი ტემპერატურის აბაზანებს, მასაჟს, გაწელვებს და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ცვალებადი ტემპერატურის წყლის აბაზანები და ცივი კომპრესები რეგულარულად გამოიყენება სპორტში თუმცა, მათ არ აქვთ ხანგრძლივი ეფექტი. ასევე არაეფექტურია ანტიოქსიდანტები, როგორიცაა მაგ. ვიტამინი C. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობასაც არ აქვთ ეფექტი ტკივილზე. მხოლოდ იბუპროფენი გარკვეულწილად ამცირებს ტკივილს, მაგრამ ის არ მოქმედებს კუნთების ფუნქციის აღდგენაზე. კუნთების დაზიანებისა და დაღლილობის მოსახსნელად ფართოდ გამოიყენება მასაჟი. თუმცა, მისი ეფექტურობა კუნთების აღდგენის თვალსაზრისით საეჭვოა.
მართალია კუნთების ტკივილის პრევენციისა და აღდგენისთვის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება, მაგრამ ჯერჯერობით ვარჯიშის წინ გახურების გარდა არც ერთი მათგანი არ არის ეფექტური.