მუცლის კუნთების აგებულება

მუცლის კუნთები ქმნის მუცლის კედელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის მოძრაობაში, სუნთქვაში, შინაგანი ორგანოების დაცვასა და მუცელშიდა წნევის რეგულაციაში. ანატომიურად ისინი იყოფა მუცლის წინა, უკანა და გვერდითი კედლის კუნთებად.
➤ მუცლის წინა კედლის კუნთები
მუცლის წინა კედელს მიეკუთვნება:
- მუცლის სწორი კუნთი – მონაწილეობს ტანის წინ გადახრაში, მენჯის სტაბილიზაციაში და მუცელშიდა წნევის გაზრდაში. ეს არის ე.წ. „პრესი“, რომელიც ვიზუალურად ყველაზე შესამჩნევია.
- პირამიდული კუნთი – მცირე ზომის კუნთია, რომელიც დაჭიმავს მუცლის თეთრ ხაზს (linea alba) და ყოველთვის არ არის განვითარებული ყველა ადამიანში.
➤ მუცლის უკანა კედლის კუნთი
მუცლის უკანა კედელს მიეკუთვნება:
- წელის კვადრატული კუნთი – მდებარეობს მუცლის უკანა ნაწილში, მონაწილეობს ხერხემლის წელის ნაწილის გვერდით გადახრაში, ტანის სტაბილიზაციასა და სუნთქვის დამხმარე ფუნქციაში (ფიქსირებული ნეკნის შემთხვევაში).
➤ მუცლის გვერდითი კედლის კუნთები
მუცლის გვერდითი კედლის კუნთები განლაგებულია სამ შრედ:
- მუცლის გარეთა ირიბი კუნთი – ყველაზე ზედაპირული შრე; მონაწილეობს ტანის ბრუნვასა და გვერდით გადახრაში.
- მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი – მონაწილეობს ტანის ბრუნვასა და მუცლის კედლის სტაბილიზაციაში.
- მუცლის განივი კუნთი – ყველაზე ღრმა შრე; მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუცელშიდა წნევის კონტროლში, წელის სტაბილიზაციაში და შინაგანი ორგანოების მხარდაჭერაში.
⚠️ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კუნთები პირდაპირ არ „აწვრილებს“ წელს, არამედ მათი ტონუსი და მუცლისშიდა წნევის კონტროლი ვიზუალურად ქმნის უფრო შეკრულ და სტაბილურ კორსეტს.
➤ მუცლის კუნთების ფუნქციები
მუცლის კუნთების ძირითადი ფუნქციებია:
- ხერხემლის სვეტის სტაბილიზაცია და მოძრაობა (მოხრა, ბრუნვა, გვერდით გადახრა);
- სუნთქვაში მონაწილეობა დიაფრაგმასთან ერთად;
- მუცლისშიდა წნევის რეგულაცია;
- შინაგანი ორგანოების ფიქსაცია და დაცვა;
- შარდვის, დეფეკაციისა და მშობიარობის პროცესში მონაწილეობა.
მუცლის კუნთების შეკუმშვისას მცირდება მუცლის ღრუს მოცულობა, იზრდება მუცლისშიდა წნევა და ეს ხელს უწყობს შესაბამის ფიზიოლოგიურ აქტებს. სწორედ ამიტომ მუცლის კედლის კუნთებს ხშირად მუცლის პრესის კუნთებს უწოდებენ.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

