ნახშირწყლების კლასიფიკაცია

ნახშირწყლები არის ორგანული ნაერთები, რომლებიც შედგება ნახშირბადის (C), წყალბადის (H) და ჟანგბადის (O) ატომებისგან. მათი ზოგადი ქიმიური ფორმულაა Cx(H₂O)y, თუმცა ეს ფორმულა მხოლოდ პირობითია და ყველა ნახშირწყალს ზუსტად არ შეესაბამება.
ნახშირწყლები ორგანიზმისთვის ენერგიის ყველაზე სწრაფად ხელმისაწვდომი წყაროა. ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის, ნერვული სისტემისა და კუნთების მუშაობისთვის.
ორგანიზმში ენერგიის ძირითადი მარაგი ინახება ცხიმების სახით, ხოლო ნახშირწყლები ინახება გლიკოგენის სახით ღვიძლსა და კუნთებში და გამოიყენება სწრაფი ენერგიის საჭიროებისას.
➤ ნახშირწყლების როლი ორგანიზმში
ორგანიზმი ენერგიის მიღებისას პრიორიტეტულად იყენებს ნახშირწყლებს. მათი შემცირების შემთხვევაში იწყება ცხიმების, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში — ცილების გამოყენება ენერგიისთვის.
ადამიანის ორგანიზმში ნახშირწყლები გვხვდება ძირითადად ორი ფორმით:
- გლუკოზა — სისხლში
- გლიკოგენი — ღვიძლსა და კუნთებში
ჰორმონების (ინსულინი, გლუკაგონი) და ფერმენტების მეშვეობით გლუკოზა გარდაიქმნება გლიკოგენად და ინახება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გლიკოგენი კვლავ იშლება გლუკოზად.
➤ ნახშირწყლების კლასიფიკაცია
ნახშირწყლები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:
- მარტივი ნახშირწყლები
- რთული ნახშირწყლები
ხშირად მათ უწოდებენ სწრაფ და ნელ ნახშირწყლებს, რაც ასახავს მათ სისხლში შეწოვის სისწრაფეს.
➤ მარტივი (სწრაფი) ნახშირწყლები
🔹 მონოსაქარიდები
მონოსაქარიდები არის ნახშირწყლების უმარტივესი ფორმა. ისინი კარგად იხსნება წყალში და პირდაპირ შეიწოვება ნაწლავებიდან.
მონოსაქარიდებია:
- გლუკოზა
- ფრუქტოზა
- გალაქტოზა
გლუკოზა — ორგანიზმის მთავარი ენერგეტიკული სუბსტრატია.
გალაქტოზა — ძირითადად ლაქტოზის შემადგენლობაში გვხვდება და ღვიძლში გარდაიქმნება გლუკოზად.
ფრუქტოზა — გვხვდება ხილში და თაფლში; მისი მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში და არ საჭიროებს ინსულინს, თუმცა მისი ჭარბი რაოდენობა ზრდის მეტაბოლური დარღვევების რისკს.
👉 მნიშვნელოვანია: ფრუქტოზა არ არის სრულიად უვნებელი დიაბეტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არ ზრდის სისხლში გლუკოზას.
🔹 ოლიგოსაქარიდები (მათ შორის დისაქარიდები)
დისაქარიდებია:
- საქაროზა (გლუკოზა + ფრუქტოზა)
- მალტოზა (გლუკოზა + გლუკოზა)
- ლაქტოზა (გლუკოზა + გალაქტოზა)
ლაქტოზის აუტანლობა გამოწვეულია ფერმენტ ლაქტაზის ნაკლებობით, რის შედეგადაც ლაქტოზა არ იშლება და იწვევს შებერილობას, გაზებს და დისკომფორტს.
➤ რთული (ნელი) ნახშირწყლები — პოლისაქარიდები
პოლისაქარიდებია:
- სახამებელი
- გლიკოგენი
- უჯრედისი (ბოჭკო)
- ცელულოზა
- ქიტინი
სახამებელი — მცენარეული ენერგიის მთავარი წყარო.
გლიკოგენი — ადამიანის ენერგეტიკული მარაგი ღვიძლსა და კუნთებში (დაახლოებით 300–500 გ).
უჯრედისი და ცელულოზა — არ იშლება, მაგრამ აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.
ქიტინი — არ ითვისება და ენერგიას არ იძლევა.
➤ გლიკემიური ინდექსი (GI)
გლიკემიური ინდექსი აჩვენებს, რამდენად სწრაფად და რამდენად ძლიერ ზრდის პროდუქტი სისხლში გლუკოზის დონეს.
- გლუკოზა — GI = 100
- მაღალი GI — სწრაფი ნახშირწყლები
- დაბალი GI — ნელი ნახშირწყლები
➤ ნახშირწყლების ათვისების სისწრაფე
- წვენები — 20–30 წთ
- ხილი — 30–60 წთ
- გამომცხვარი ნაწარმი — 30–90 წთ
- რძის პროდუქტები — 60–120 წთ
- მარცვლეული, ფაფები, კარტოფილი — 120–300 წთ
ცილები, ცხიმები და უჯრედისი მნიშვნელოვნად ანელებს ნახშირწყლების შეწოვას.
➤ ნახშირწყლების ფუნქციები
- ენერგეტიკული — 1 გ = 4 კკალ
- მარაგის ფუნქცია — გლიკოგენის სახით
- სტრუქტურული — მცენარეთა უჯრედის კედლები
- რეცეპტორული — უჯრედებს შორის სიგნალები
- დაცვითი — ლორწოვანი გარსების დაცვა ინფექციებისგან
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

