რატომ არ იწვება ცხიმი ლოკალურად.
ცხიმი ორგანიზმში ინახება ცხიმის უჯრედებში ტრიგლიცერიდების სახით. ორგანიზმმა ცხიმი საწვავად რომ გამოიყენოს, საჭიროა ტრიგლიცერიდები დაიშალოს ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად, ამ პროცესს ქვია ლიპოლიზი. ცხიმოვანი მჟავები და გლიცერინი გამოდის ცხიმის უჯრედიდან სისხლში და ტრანსპორტირდება მთელ სხეულში.
ლიპოლიზი ბიოქიმიური პროცესია, ამიტომ შეუძლებელია ცხიმი მექანიკურად დავშალოთ, ან დავადნოთ. ლიპოლიზის პროცესის გაშვების სიგნალს, ცხიმის უჯრედები იღებენ ლიპოლიტური ჰორმონებიდან. ჰორმონები მართავენ უჯრედების მუშაობას. ისინი გამოიყოფა სისხლში, რომელსაც ჰორმონები გადააქვს მთელ ორგანიზმში. უჯრედთან მიახლოებისას ჰორმონი როგორც გასაღები ერგება უჯრედის რეცეპტორებს და აძლევს უჯრედს საჭირო ბრძანებას, ჩვენ შემთხვევაში ცხიმის დაშლის ბრძანებას.
სისხლში მოცურავე ჰორმონების გაჩერება ერთ კონკრეტულ ადგილზე მაგ. მუცელზე შეუძლებელია. ისინი იქნებიან კონტაქტში ერთდროულად ყველა ცხიმის უჯრედთან და ყველას ერთად მისცემს ცხიმის დაშლის ბრძანებას. სხვადასხვა სიტუაციაში (მაგ. შიმშილი, შიში, სიამოვნება) სხვადასხვანაირი ჰორმონები (გლუკაგონი, ადრენალინი, კორტიზოლი, სომატოტროპინი) გამოიყოფა ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ ლიპოლიტური ჰორმონები (რომლებიც ლიპოლიზის პროცესის გაშვებაში მონაწილეობენ) გადაადგილდებიან მთელ ორგანიზმში, ცხიმი ყველგან ერთნაირად არ დაიწვება. ეს დამოკიდებულია ქსოვილების სისხლით მომარაგებაზე, მათ კაპილარიზაციაზე და უჯრედების რეცეპტორების რაოდენობასა და აქტიურობაზე.
ცხიმი ევოლუციის შედეგად ჩალაგდება კონკრეტულ ადგილებში (მუცელზე, გვერდებზე, დუნდულებზე) უფრო აქტიურად, ხოლო ცხიმის დაშლა აქ მოხდება უფრო ნელა. ადგილებში, სადაც ორგანიზმისთვის ცხიმის შენახვა არც ისე მოსახერხებელია, მომარაგებული ცხიმი იქნება ნაკლები და დაშლა ადვილი. ამიტომ ანტიცელულიტური მასაჟი და საუნა იმუშავებს ცხიმის დაშლის არა როგორც თერმული, ან მექანიკური საშუალება, არამედ მხოლოდ როგორც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების საშუალება პრობლემურ ზონებში. რაც უფრო აქტიურია სისხლით მომარაგება, მით მეტი ლიპოლიტური ჰორმონები მიაღწევს ცხიმის უჯრედებამდე.
თუმცა ცხიმის დაშლა (ლიპოლიზი), ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გახდომას. უბრალოდ ცხიმი ცხიმის უჯრედიდან გადავიდა სისხლში და იქ დაცურავს. იმისათვის, რომ ცხიმისგან გავთავისუფლდეთ, საჭიროა მისი დაწვა, ცხიმი უნდა გამოვიყენოთ როგორც საწვავი ორგანიზმისთვის. თუ ცხიმზე, როგორც საწვავზე არ იქნება მოთხოვნილება, ის უკან დაბრუნდება ცხიმოვან უჯრედში, ან უარეს შემთხვევაში წარმოქმნის ქოლესტერინის ბალთებს სისხლძარღვების კედლებზე. ამიტომ, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ არ იქნება კალორაჟის დეფიციტი და ცხიმის დაგროვების ხელშემწყობი ჰორმონების (მაგ. ინსულინის) დაბალი დონე, ჩვენ ცხიმის თავიდან მოცილება არ გამოგვივა.
ამიტომ, ნუ ენდობით რეკლამებს ლოკალურ ცხიმის წვაზე, ან მხოლოდ მუცლის მოშორების ჯადოსნურ სავარჯიშო პროგრამებს და განსაკუთრებულ დიეტებს, ასეთი რამ არ არსებობს და ვერც იარსებებს. სხეული გახდება ერთიანად, თანაც ისეთი თანმიმდევრობით, როგორც ეს ჩადებულია მის გენეტიკაში.