რატომ ითვლება შაქარი სახიფათო პროდუქტად.
ცნობილია, რომ შაქარი ასუქებს, მას არაერთი საფრთხის გამოწვევა შეუძლია. ორგანიზმში შაქრის ათვისება სწრაფად ხდება. როცა ზედმეტი შაქარი ხვდება ორგანიზმში, მან სადღაც უნდა წაიღოს შაქარი, ის მას როგორც ცხიმს ისე არეზერვებს და შესაბამისად ჩნდება ჭარბი წონა.
ზედმეტი შაქარი აზიანებს ღვიძლს, ვითარდება ღვიძლის გაცხიმოვნება. შაქარი არღვევს ღვიძლის უჯრედების ჰეპატოციდების ფუნქციონირებას, ამის გამო ღვიძლში აღარ ხდება ჰორმონების ტრანსფორმაცია, რის გამოც გვემართება ჰორმონალური დისბალანსი, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადებები და გვიგროვდება ჭარბი წონა. დიდი რაოდენობით შაქრის მეშვეობით სისხლი ხდება ბლანტი, ჰემოგლობინის მოლეკულები ჯერდება შაქრის მოლეკულებით და მასში აღარ არის ჟანგბადი, შესაბამისად ორგანიზმში ყველა ორგანო განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და ვეღარ ფუნქციონირებს ნორმალურად. ზიანდება სისხლძარღვების შიდა გარსი, გვემართება ათეროსკლეროზი და გულსისხლძარღვთა დაავადებები. თირკმელებში აღარ ხდება ნორმალურად ფილტრაცია, ნაწლავებში მუდმივად არის ანთებითი პროცესები. ირღვევა სისხლის მიმოქცევა მიკროცირკულაციის დონეზე. ყველაფერში დამნაშავე ზედმეტი შაქარია.
შაქარი ისევე მეტაბოლიზდება ღვიძლში და ტვინში როგორც ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რასაც მივყავართ ღვიძლის და ტვინის პრობლემებამდე. როგორც ალკოჰოლი და ნარკოტიკი, შაქარი იწვევს იგივე დამოკიდებულებას. შაქარზე დამოკიდებულება უფრო ძლიერია ვიდრე კოკაინზე დამოკიდებულება. შაქრის მიწოდების შემდეგ ტვინში აქტიურდება დაკმაყოფილების ზონა, ტვინს სჭირდება კიდევ უფრო მეტი სიამოვნება და გვაიძულებს მუდმივად ვიფიქროთ ტკბილის ან ცომეულის მიღებაზე.
შაქარზე მოთხოვნილებას აძლიერებს არა მარტო დამოკიდებულება, არამედ ინსულინიც, რომელიც გლუკოზას არეგულირებს სისხლში. ტკბილის მიღების შემდეგ ინსულინის გამოყოფის შედეგად კიდევ უფრო იზრდება და ძლიერდება შაქრის მოთხოვნილება. ტვინი მოტკბო გემოს შეგრძნებისას კუჭს მეტი ნახშირწყლის მიღებისა და ათვისებისკენ უბიძგებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს შიმშილის შეგრძნება.
შაქარზე დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. თუ ტვინს არ აქვს საწვავი გლუკოზის სახით, მისი ქმედებები აგრესიული ხდება. შაქარზე დამოკიდებული ადამიანი თანდათან იცვლება როგორც შინაგანად, ფსიქიკურად, ასევე გარეგნულად. შაქარი ნაადრევად აბერებს – ანადგურებს კანს, თმებს, ფრჩხილებს, კბილებს, ძვალ-სახსროვან სისტემას, შინაგან ორგანოებს და აგროვებს ჭარბ წონას.
საიდან და როდის ხდება ადამიანი შაქარზე დამოკიდებული და რასთან არის კავშირში ჩვენი გემოვნური თვისებები?
გემოვნური თვისებები ყალიბდება მუცლად ყოფნის პერიოდიდან. ნაყოფს უკვე მე-12 კვირიდან შეუძლია გაარჩიოს სხვადასხვა გემოები. ბავშვი გაიზრდება შაქარზე დამოკიდებული, თუ დედა ამ პერიოდში სისტემატიურად იღებდა ბევრ ტკბილეულს და ცომეულს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღზრდას და კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვობიდანვე, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს.
ტკბილის მიმართ მიდრეკილები არიან ისინი, ვისაც სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) დონე აქვთ დაბალი. როცა ადამიანი ნერვიულობს, ამ დროს სეროტონინი ცუდად გამომუშავდება და უჩნდება სურვილი მოიხსნას სტრესი სხვადასხვა გემრიელობის მირთმევით. რაც მეტ ტკბილეულს მიირთმევთ უფრო მეტს გთხოვთ ორგანიზმი და ეს გაგრძელდება უსასრულოდ სანამ შაქარზე დამოკიდებულებიდან არ მოიხსნებით.
გასაგებია, რომ შაქარი ცალსახად ცუდია, მაგრამ საინტერესოა, მაინც მცირე დოზით საჭიროა თუ არა ორგანიზმისთვის. დღიური დოზა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით არის 25-30 გ. ნახშირწყალი – დაახლოებით 5-6 ჩ.კ. მაგრამ ბევრ პროდუქტშია დამალული შაქრები. მაგ. ბურღულეული, პური და ცომეული, ნაკლებცხიმიანი ხაჭო და იოგურტი, ხილი და ხილის წვენები, ბოსტნეული.
ღვიძლს მხოლოდ 25- 30 გ შაქრის გადამუშავება შეუძლია. ღვიძლში შაქარი გროვდება გლიკოგენის სახით, როცა გლიკოგენის მარაგი ნორმაზე მეტია, მაშინ შაქარი ლაგდება ცხიმის სახით შინაგან ორგანოებზე და პრობლემურ ზონებში. თუ დღის განმავლობაში მივირთმევთ შაქრის შემცველ სხვადასხვა პროდუქტს ამ 5-6 კოვზ შაქარს უნდა გამოაკლოთ დღის განმავლობაში მირთმეული პროდუქტიდან მიღებული შაქრის რაოდენობა. ა. გ. საკვები რომელიც შაქარს შეიცავს უნდა მიიღოთ შეზღუდული რაოდენობით. როგორც კი შეზღუდავთ შაქრის შემცველი პროდუქტის მოხმარებას და გადახვალთ ჯანსაღ კვებაზე, მაშინათვე იგრძნობთ შედეგს – სიმსუბუქეს და წონაში კლებას.
რა განსხვავებაა თეთრ შაქარს, ყავისფერ შაქარს და შაქრის შემცვლელებს შორის?
თეთრისგან განსხვავებით ყავისფერი შაქარი არა ჭარხლის არამედ ლერწმისგან მზადდება. ყავისფერი შაქარი შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს. ყავისფერი შაქარი თეთრთან შედარებით 3-ჯერ ძვირია, ამიტომ მომხმარებელს გონია რომ ის უფრო სასარგებლოა. თუმცა ვიტამინები და მინერალები რომელიც ყავისფერ შაქარშია ორგანიზმმა რომ აითვისოს, საჭიროა ბევრი შაქრის მიღება, რაც ისევე ცუდია, როგორც ბევრი თეთრი შაქარი, რადგან ორივე მათგანში ერთნაირი რაოდენობითაა სწრაფი ნახშირწყლები.
არის თუ არა შაქრის შემცვლელები ისეთივე საფრთხის შემცველი როგორიც შაქარია, ღირს თუ არა მათი გამოყენება?
შაქრის შემცვლელები ბუნებრივიც არსებობს და სინთეზურიც. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ფრუქტოზა, სორბიტი, ქსილიტი, სტევია. ყველა, გარდა სტევიასი, საკმაოდ კალორიულია და სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს, თუმცა მთლად ისე არა, როგორც რაფინირებული შაქარი.
სინთეზური შაქრები – საქარინი, ციკლამატი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, სუკრაზიტი – სისხლში გლუკოზის დონეზე გავლენას არ ახდენს და არც კალორიულია. მათი მეშვეობით ცდილობენ წონის დაკლებას, მაგრამ ჭარბ კილოგრამებს მაინც ვერ იკლებენ. რადგან საქმე არც ისე მარტივადაა.
ყველაზე პოპულარული შაქრის შემცვლელია ფრუქტოზა, რომელსაც ხილისგან იღებენ. მას შაქარზე დაბალი გ. ი. აქვს. თუ თეთრი და ყავისფერი შაქრის გ. ი. 70-ია, ფრუქტოზის გ. ი. 35-ია. მიუხედავად ამისა არც ფრუქტოზის მიღებაა რეკომენდირებული. ის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ფრუქტოზის მოხმარება უფრო საშიშია ვიდრე რაფინირებული თეთრი შაქრისა, რადგან ის უჯრედების მიერ 22-ჯერ სწრაფად აითვისება და იწვევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევებს. ფრუქტოზა შედარებით უსაფრთხოა როცა ხილიდან ვიღებთ. ხილში უჯრედისი ფრუქტოზის სწრაფად შეწოვას უშლის ხელს.
შაქრის შემცვლელად ხშირად იყენებენ საქარინს, რომელიც შაქარზე 400-ჯერ ტკბილია. მას არ გააჩნია კალორია და არ უმატებს სისხლში შაქრის დონეს. საქარინს დიაბეტიანები მოიხმარენ. საქარინი საეჭვო პროდუქტად ითვლება, ისევე როგორც ასპარტამი. ასპარტამი ძირითადად უშაქრო გაზიანი სასმელების შემადგენლობაში შედის (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 951). მას ერთი გასათვალისწინებელი თვისება აქვს. 40 გარდუსზე მაღალ ტემპერატურაზე მასში საშიში ნივთიერება ფორმალდეჰიდი წარმოიქმნება, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ამ დამატკბობლის გამოყენება ცხელ სასმელებში ან გამოსაცხობად არ არის მიზანშეწონილი.
ყველაზე უსაფრთხოდ სტევიას მიიჩნევენ. სტევია ნატურალური მცენარეული დამატკბობელია. შაქრისგან განსხვავებით მას არა აქვს კალორია და არც სხვა უარყოფითი თვისებები, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს წნევის უეცარი მომატება.
როცა ვიღებთ შაქრის შემცვლელებს ან ჩვეულებრივ შაქარს სიგნალი ტვინში მიდის ერთნაირად, მაგრამ ტვინს კვებავს გლუკოზა, რომელიც არ არის შაქრის შემცვლელში. სიგნალი კი მივიდა, მაგრამ ტვინმა საკვები ვერ მიიღო. დიდი დოზით შაქრის შემცვლელების მოხმარება იწვევს დაავადებებს და არც ისე უსაფრთხოა.