როგორ მოვიხსნათ ტკბილზე დამოკიდებულება.
ტკბილეულობა ასუქებს, შაქარი საშიში პროდუქტია ნებისმიერი ადამიანისთვის.
შაქარი ისევე მეტაბოლიზდება ღვიძლში და ტვინში როგორც ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რასაც საბოლოოდ მივყავართ ღვიძლის და ტვინის სერიოზულ პრობლემებამდე. თუ შაქრის მოყვარული ხართ და ტკბილზე უარის თქმა მოგინდებათ, ეს არც ისე ადვილი იქნება.
ტკბილის მიმართ მიდრეკილები არიან ისინი, ვისაც სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) დონე აქვთ დაბალი. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, ფსიქოლოგიურად ცუდათაა, ამ დროს სეროტონინი ცუდად გამომუშავდება და ადამიანს უჩნდება სურვილი მოიხსნას სტრესი სხვადასხვა გემრიელობის მირთმევით. რაც მეტ ტკბილეულს მიირთმევთ უფრო მეტს გთხოვთ ორგანიზმი და ეს გაგრძელდება მანამდე სანამ შაქარზე დამოკიდებულებიდან არ მოიხსნებით.
ყველაზე მთავარი თემაა – როგორ მოვიხსნათ შაქარზე და ტკბილეულობაზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ აქედან იწყება სწორი გემოვნური თვისებების და ჩვევების ჩამოყალიბება, ჯანმრთელობაზე და მოხდენილობაზე ზრუნვა, კუნთის გამკვრივება, ცხიმის დაწვა, გამძლეობის გაზრდა და ენერგიის მომატება.
1. მოაშორეთ სახლიდან ყველანაირი ტკბილეულობა.
2. არ იშიმშილოთ! იკვებეთ 3-4 საათში ერთხელ. გამოტოვებული კვება გაიძულებთ შემდგომ კვებაზე ზომაზე მეტი საკვების მირთმევას. ყოველი კვების შემდეგ 3-4 სთ. განმავლობაში უნდა იყოთ დანაყრებული, ამისათვის რაციონში ძირითად კვებებზე ცილებთან და ხანგრძლივი ათვისების ნახშირწყლებთან ერთად აუცილებლად ჩართეთ ცხიმი.
3. საუზმეზე რაციონში შეიტანეთ ცილა და ცხიმი, ეს შეამცირებს მთელი დღის მანძილზე ტკბილის მიმართ ლტოლვას.
4. უნდა გაარღვიოთ თქვენი კომფორტის ზონა. თქვენ გჭირდებათ ნებისყოფა და დრო ახალი კვებითი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. სამი კვირა – 21 დღე საკმარისია რომ ტვიში ნეირონების დონეზე ჩამოგიყალიბდეთ ახალი ჩვევები. პირველი კვირა გაგიჭირდებათ, შემდგომი ორი კვირის მერე გაგიადვილდებათ და ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს.
5. დადეთ საჯაროთ პირობა, რომ დღეიდან აღარ მიირთმევთ არანაირ ტკბილეულობას. როდესაც რაღაცაზე უარის თქმა გიწევთ და ასრულებთ ამას გაძლიერდებით.
6. დაისახეთ მიზანი და დაიწყეთ სვლა ამ მიზნისკენ.
7. არ გადადოთ ტკბილეულზე უარის თქმა მომდევნო დღეს ან კვირას, დაიწყეთ ამ წუთას, ეხლავე. არ დაკარგოთ დრო. დრო თქვენი მოკავშირეა. თუ გინდათ წარმატების მიღწევა, ყოველდღიურად უნდა იმოქმედოთ.
8. გაითვალისწინეთ რომ ძალიან ბევრ პროდუქტში დამალული შაქარია. აუცილებლად წაიკითხეთ პროდუქტის ყიდვამდე მისი შემადგენლობა.
9. განავითარეთ გემოვნური შეგრძნებები, ხშირად იხმარეთ აღმოსავლური სუნელები როგორიცაა: კოჭა, დარიჩინი, ილი, მუსკატი, შაფრანი, კურკუმა და ა.შ. ასეთი სუნელები დაგიქვეითებენ ტკბილისადმი ლტოლვას.
10. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, რამოდენიმე გათენებული ღამე საკმარისია იმისთვის რომ ლეპტინის (ნაყროვანების ჰორმონი) დონე დაეცეს, ხოლო გრელინის (შიმშილის ჰორმონი) დონე გაიზარდოს. შედეგად გაგიძლიერდებათ მადა და ტკბილზე მოთხოვნილება.
11. გახდით ფიზიკურად აქტიურები. უმოძრაო ცხოვრების წესი აძლიერებს მადას. ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში ამცირებს ორგანიზმში კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს და ამაღლებს გუნება განწყობას. ფიზიკური აქტივობა არამარტო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, არამედ ააქტიურებს ლეპტინის გამომუშავებას. ეს ხელს უწყობს არ მოგშივდეთ დიდი ხნის განმავლობაში. 60 წთ. ფიზიკური აქტივობის შედეგად გრელინი მცირდება ნორმალურ დონემდე.
12. მოერიდეთ მკაცრ დაბალკალორიულ დიეტებს. კალორიების მკვეთრი შემცირება გრელინის გამომუშავების პროვოცირებას იწვევს, ის კი უფრო მეტად გაგიძლიერებთ შიმშილის გრძნობას. ხოლო, ლეპტინის დონე მცირდება და თქვენ გიძლიერდებათ მოთხოვნილება განსაკუთრებით შაქრის შემცველ პროდუქტებზე.