კუნთის გათიშვის სახეობები
კუნთის გათიშვის სახეობები
გადამლახავი
სტატიკური
დამთმობი
კუნთის გათიშვა ნიშნავს, როცა კუნთს აღარ შეუძლია შეკუმშვა და მუშაობის შესრულება.
კუნთის გადამლახავი დინამიური გათიშვაა როცა კუნთს აღარ შეუძლია შეკუმშვა
კუნთის სტატიკური გათიშვაა როცა კუნთი ვეღარ ინარჩუნებს გარკვეულ სიგრძეს და იწყებს გაწელვას
კუნთის დამთმობი გათიშვაა როცა კუნთს კონტროლირებადი გაწელვაც აღარ შეუძლია
მაგ. წოლჭიმში ვწევთ შტანგას და რამოდენიმე გამეორების შემდეგ ვეღარ ვწევთ ზევით და ვჩერდებით, ამ მომენტში დგება დინამიური გათიშვა. მერე ჩვენ ვცდილობთ შტანგის აწევას, მაგრამ შტანგა დგას ერთ ადგილზე და რაღაც მომენტში შტანგა იწყებს დაბლა მოძრაობას, ე. ი. დადგა სტატიკური გათიშვა. როდესაც ჩვენ ვცდილობთ შტანგის გაჩერებას, მაგრამ ის ნელნელა იწყებს დაშვებას დგება მომენტი, როცა კუნთი მთლიანად დუნდება და შტანგა გვეცემა მკერდზე, ეს ნიშნავს, რომ დადგა დამთმობი გათიშვა.
განვიხილოთ კუნთის გათიშვა ფიზიოლოგიური კუთხით. გადამლახავი გათიშვა შეიძლება დადგეს 2 ძირითადი მიზეზით:
1. როცა ამოწურულია ენერგიის მარაგი და კუნთს აღარ შეუძლია შეკუმშვა, ეს ხდება როცა ჩვეულებრივად კლასიკურად ვვარჯიშობთ.
2. როცა კუნთის ძლიერი დაჟანგვაა, ეს ხდება როცა ვვარჯიშობთ პამპინგის, ან სტატოდინამიური ვარჯიშის სტილში. ამ დროს კუნთის ძლიერი წვა არ გვაძლევს ვარჯიშის გაგრძელების საშუალებას.
სტატიკური დამთმობი გათიშვა ასევე 2 მიზეზით დგება:
1. როცა ამოწურულია ენერგიის მარაგი და კუნთი იწყებს მოდუნებას.
2. კუნთის მუშაობის შეზღუდვა გოლჯის მყესის ორგანოს მიერ.
გოლჯის მყესის ორგანო არის სპეციალიზებული ნევროლოგიური წარმონაქმნი, რომელიც კუნთს აკავშირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. მისი ერთი ნაწილი კუნთების ბოჭკოშია ჩასმული და მეორე, მყესებში. იგი პასუხისმგებელია ტვინის ინფორმირებაზე კუნთების დაძაბულობის დონის შესახებ, რათა თავიდან აიცილოს გადამეტებული დატვირთვა, რომელიც იწვევს კუნთის და მყესის დაზიანებას. გადამეტებული დატვირთვისას ეს ორგანო აწვდის სიგნალს ტვინს და ტვინიდან წამოსული იმპულსი იწვევს კუნთის მოდუნებას, რითაც იცავს მყესს გაწყვეტისაგან. ეს ხდება ძალიან დიდი დატვირთვის დროს.
როგორ გამოვიყენოთ კუნთის გათიშვა ვარჯიშისას.
კუნთის გათიშვა არის ვარჯიშის ინტენსიურობის გაზრდის ერთერთი მეთოდი. ეს მეთოდი არ არის ძირითადი სავარჯიშო მეთოდი. ძლიერი გათიშვის შემდეგ კუნთის აღდგენის დროის ხანგრძლივობა იზრდება.
გადამლახავი გათიშვისას კუნთის აღდგენას სჭირდება 7-14 დღემდე, ამ დროში შეიძლება დაიკარგოს სუპერკომპენსაცია (72 სთ-ში), ამასთან კუნთი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ამიტომ თუ ვიყენებთ კუნთის გათიშვას, უნდა გავაკეთოთ ერთი ვარჯიში მძიმე და მომდევნო ვარჯიში მსუბუქი, რათა მივაღწიოთ კუნთის არა მარტო სუპერკომპენსაციას, ასევე მოასწროს კუნთმა აღდგენა.
სტატიკური გათიშვის შემდეგ აღდგენას შეიძლება დაჭირდეს 21 დღე, იმიტომ რომ სახსრებზე და მყესებზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა. კუნთი უკვე აღდგენილი იქნება, მაგრამ მყესები ვერ მოასწრებენ აღდგენას, თუ ანალოგიური დატვირთვა გამეორდება 21 დღეზე ადრე, მყესები მიიღებენ დიდ დატვირთვას და მყესების დაზიანების შანსი იზრდება. ამ მეთოდის ხშირად გამოყენების გამო ცნობილ ბბ-ებს მაიკ მენცერს და დორიან იატსს არა ერთხელ გაუწყვეტიათ კუნთი ვარჯიშზე.
დამთმობი გათიშვის შემდეგ აღდგენას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება – 28 დღე. აქაც ძალიან დიდი დატვირთვაა მყესებზე და სახსრებზე, ამიტომ ამ მეთოდების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ნატურალი მოვარჯიშისთვის. თუ მაინც იყენებთ კუნთის გათიშვის ამ მეთოდებს, მაშინ გაითვალისწინეთ მყესების აღდგენის დრო, რათა არ დაიზიანოთ ისინი.