აზოტის ბალანსი ორგანიზმში.
ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად მიღებული და გამოყოფილი აზოტის თანაფარდობას ქვია აზოტის ბალანსი. აზოტის წყაროს ორგანიზმში არის ცილა. აზოტის ბალანსით შეიძლება გავიგოთ მიწოდებული და დაშლილი ცილის თანაფარდობა, რითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა კუნთოვანი მასის ზრდა.
აზოტის რაოდენობა.
ორგანიზმში ცილების მიწოდების მომატებას მოსდევს აზოტის გამოდევნის მომატება. ნორმალური კვებისას მიღებული აზოტის რაოდენობა ტოლია გამოდევნილი აზოტის რაოდენობის. ამას აზოტის წონასწორობა ქვია.
ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა. თუ გაიზრდება მიღებული ცილების რაოდენობა, მაშინ აზოტის ბალანსი აღდგება ახალ, უფრო მაღალ დონეზე. ამრიგად, აზოტის ბალანსი ყოველთვის მიისწრაფის წონასწორობისაკენ. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც არაფერი არ ხდება, თქვენი წონა დგას ერთ ადგილზე, არც იმატებს და არც იკლებს.
აზოტის დადებითი ბალანსი.
როცა მიღებული აზოტი აჭარბებს გამოყოფას, ამას ქვია დადებითი აზოტის ბალანსი. ამ დროს ცილის სინთეზი ჭარბობს ცილის დაშლას. დადებითი აზოტის ბალანსი ნიშნავს ანაბოლიზმს და კუნთოვანი მასის ზრდას, ამ დროს ანაბოლიზმი ჭარბობს კატაბოლიზმს.
ცილას ორგანიზმი არ ინახავს მარაგის სახით. ამიტომ ცილის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ მხოლოდ ნაწილი იხარჯება კუნთის ზრდაზე, დანარჩენი იხარჯება ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნებზე.
როდესაც გამოდევნილი აზოტი აჭარბებს მიღებულს, საუბრობენ უარყოფით აზოტის ბალანსზე. უარყოფითი აზოტის ბალანსი გვაქვს ცილოვანი შიმშილობის დროს, ასევე მაშინ, როცა ორგანიზმი ვერ იღებს ცილის სინთეზისთვის აუცილებელ ცალკეულ ამინომჟავებს.
ცილის დაშლა მიმდინარეობს მუდმივად, რაც კვებაზეა დამოკიდებული. ცილოვანი შიმშილის დროს შეიმჩნევა ცილის მინიმალური ხარჯვა ნახშირწყლებით კვების შემთხვევაში. ამ პირობებში აზოტის გამოყოფა 3-ჯერ მცირდება სრული შიმშილობისგან განსხვავებით. ნახშირწყლები ამ შემთხვევაში ცილის დამზოგავ როლს ასრულებენ.
აზოტის უარყოფითი ბალანსი.
აზოტის უარყოფითი ბალანსი ვითარდება საკვებში ცილების უკმარისობის დროს, ან არასრულფასოვანი ცილების შემცველი საკვების მიღებისას. არ არის გამორიცხული ცილის დეფიციტი საკმარისი დოზით ცილის მიღების შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ ცილის მოხმარების გაზრდილი მოთხოვნილების გამო. აზოტის
უარყოფითი ბალანსის დროს საკმარისი ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების და მინერალების მიღების შემთხვევაშიც კი ხდება სხეულის მასის დაკარგვა, რაც დაკავშირებულია კუნთოვანი ცილების ხარჯვასთან, რომელიც არ კომპენსირდება საკვებიდან მიღებული ცილებით. განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს აზოტის უარყოფითი ბალანსი მოზარდზე. კატაბოლიზმი იწყება კუნთის საშენი პლასტიკური მასალის დეფიციტის გამო. ამ დროს კუნთის მასის ზრდაზე ლაპარაკიც ზედმეტია.