ცხიმის უჯრედები (ადეპოციტები) — ცენტრალური და პერიფერიული სიმსუქნე. ლიპოსაქცია

ადამიანი იბადება უკვე ცხიმოვანი ქსოვილის გარკვეული მარაგით. ცხიმოვანი ქსოვილი ასრულებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას: იცავს ორგანიზმს სიცივისგან, იცავს შინაგან ორგანოებს მექანიკური ზემოქმედებისგან და წარმოადგენს ენერგიის მთავარ რეზერვს. ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ დაახლოებით 25–30 მილიარდი ცხიმოვანი უჯრედი — ადეპოციტი არის.
ადეპოციტი პასუხისმგებელია ცხიმის სინთეზზე, დაგროვებასა და გამოყოფაზე.
➤ ადეპოციტების განვითარება და რაოდენობა
ემბრიონის განვითარების პერიოდში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა შედარებით ერთნაირია, თუმცა ორგანიზმის ზრდასთან ერთად მათი რაოდენობა და მოცულობა იცვლება. არსებობს სამი კრიტიკული პერიოდი, როდესაც ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა განსაკუთრებით აქტიურად იზრდება:
- ემბრიონის განვითარების ბოლო 3 თვე
- სიცოცხლის პირველი 6–12 თვე
- სქესობრივი მომწიფების პერიოდი (დაახლოებით 10–12 წელი)
ამ ეტაპებზე ზედმეტი კალორიული კვება ხელს უწყობს ადეპოციტების ჰიპერპლაზიას — მათი რაოდენობის მატებას. სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში გადაჭარბებულ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მოზრდილ ასაკში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, თუმცა თანამედროვე კვლევებით დადასტურებულია, რომ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია ახალი ადეპოციტების წარმოქმნაც (ადიპოგენეზი). მიუხედავად ამისა, სიმსუქნისას ძირითადი ცვლილება მაინც უჯრედის მოცულობის ზრდაა (ჰიპერტროფია).
➤ ბავშვთა და მოზრდილთა სიმსუქნე
- ბავშვთა სიმსუქნე ძირითადად ჰიპერპლაზიური ხასიათისაა — იზრდება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა.
- მოზრდილთა სიმსუქნე უმეტესად ჰიპერტროფიულია — იზრდება თვითონ უჯრედის ზომა.
პრაქტიკაში ხშირია შერეული ტიპის სიმსუქნეც, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც ჭარბი წონა ბავშვობიდან აქვთ.
➤ ცხიმოვანი ქსოვილის ტიპები
ცხიმოვანი ქსოვილი იყოფა:
- თეთრ ცხიმად — მისი ძირითადი ფუნქცია ენერგიის დაგროვებაა (ტრიგლიცერიდების სახით)
- ყავისფერ ცხიმად — შეიცავს ბევრ მიტოქონდრიას და პასუხისმგებელია სითბოს წარმოებაზე (თერმოგენეზი)
ყავისფერი ცხიმი განსაკუთრებით აქტიურია ჩვილებში და ბავშვებში, ხოლო ასაკთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება, რაც ერთ-ერთი მიზეზია მეტაბოლიზმის შენელებისა.
➤ ცხიმის როლი ორგანიზმში
ორგანიზმში დაგროვილი ენერგიის დაახლოებით 90% ინახება ცხიმოვანი ქსოვილის ტრიგლიცერიდებში. ცხიმი განლაგებულია:
- კანქვეშ
- შინაგანი ორგანოების გარშემო (ვისცირალური ცხიმი)
ცხიმოვანი ქსოვილი აუცილებელია ნორმალური ჰორმონალური, ნერვული და იმუნური ფუნქციონირებისთვის.
➤ ცხიმის ფრაქციები
ორგანიზმში ცხიმი იყოფა:
- ესენციალურ (სავალდებულო) ცხიმად — შედის ნერვულ ქსოვილში, ძვლის ტვინში, შინაგან ორგანოებში, უჯრედის მემბრანებში
- დეპონირებულ ცხიმად — კანქვეშა და ვისცირალური ცხიმი
ქალებში სავალდებულო ცხიმი შეადგენს დაახლოებით 10–12%-ს, მამაკაცებში კი 3–5%-ს.
➤ ცენტრალური და პერიფერიული სიმსუქნე
ცხიმის განაწილება გენეტიკურად არის განსაზღვრული და მისი ლოკალურად „მართვა“ შეუძლებელია.
- ცენტრალური (ანდროიდული) სიმსუქნე
ცხიმი გროვდება მუცლის არეში და შინაგან ორგანოებზე. ეს ტიპი დაკავშირებულია ინსულინრეზისტენტობასთან, ტიპი 2 დიაბეტთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. ვისცირალურ ცხიმს შეუძლია ჰორმონული აქტივობა, მათ შორის ესტროგენების წარმოქმნა არომატაზის გზით. - პერიფერიული (გინოიდული) სიმსუქნე
ცხიმი გროვდება დუნდულებსა და ბარძაყებზე. ეს ფორმა შედარებით ნაკლებ მეტაბოლურ რისკს შეიცავს.
➤ ცხიმის დაშლა (ლიპოლიზი)
წონის დაკლებისას ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა არ მცირდება — მცირდება მათი მოცულობა. ლიპოლიზის დროს ადრენალინისა და ნორადრენალინის ზემოქმედებით ტრიგლიცერიდები იშლება ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად.
თუ ცხიმოვანი მჟავები არ დაიწვა მიტოქონდრიებში, ისინი კვლავ ბრუნდებიან ადეპოციტებში და ხელახლა გროვდება.
➤ ლოკალური ცხიმი და ლიპოსაქცია
ლოკალური ცხიმის გაქრობა ვარჯიშით ან დიეტით კონკრეტულ ადგილზე შეუძლებელია.
ლიპოსაქცია წარმოადგენს ქირურგიულ მეთოდს, რომელიც მექანიკურად ანადგურებს ცხიმოვან უჯრედებს კონკრეტულ ზონაში. პროცედურა აუმჯობესებს სხეულის კონტურს, თუმცა არ კურნავს სიმსუქნეს და არ ამცირებს მეტაბოლურ რისკებს.
თუ ლიპოსაქციის შემდეგ ადამიანი დაუბრუნდება ძველ კვებით ჩვევებს, ცხიმი დაგროვდება სხეულის სხვა უბნებზე.
სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება, რომელიც არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი რემისია — წონის სტაბილური კონტროლი ცხოვრების წესის შეცვლით.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

