რატომ ვიმატებთ წონაში, როცა ვანებებთ თავს მოწევას?
მოწევის თავის დანებებისას წონის მატებაზე მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი, ქიმიური ნივთიერება – ნიკოტინი და მავნე ჩვევა, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი.
როგორ მოქმედებს ნიკოტინი ორგანიზმზე.
მართალია ნიკოტინი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გახდომისთვის უნდა დაიწყოთ სიგარეტის მოწევა (არსებობს მეტაბოლიზმის აჩქარების უკეთესი მეთოდები, რომლებიც არ ვნებს ჯანმრთელობას). ე.ი. წონის მომატებას იწვევს მეტაბოლიზმის შენელება.
ნიკოტინი ხელს უწყობს ადრენალინის გამომუშავებას, რომელიც მონაწილეობს ცხიმის წვაში.
ნიკოტინი ასევე ართულებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების ათვისებას. ახშობს გემოს რეცეპტორებს და ამცირებს მადას.
მცდარია მოსაზრება, თითქოს მოწევა ამშვიდებს ადამიანს, პირიქით, ნიკოტინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
მოწევაზე უარის თქმის ფსიქოლოგიური ფაქტორი.
როდესაც ადამიანი თავს ანებებს მოწევას, განიცდის სტრესს. ის ვერ იღებს ფსიქო აქტიურ ნივთიერებას ნიკოტინს. ადამიანი ცდილობს ფსიქო აქტიური ნივთიერებისადმი ლტოლვა შეცვალოს რაიმე საკვებით, თანაც არაჯანსაღი და კალორიულით: კანფეტებით, ჩიფსებით, მზესუმზირით და სხვ. ეს ზრდის მიღებული კალორიების რაოდენობას და აჭარბებს დღიურ ნორმას.
ადამიანი არ აქცევს ყურადღებას მიღებული კალორიების რაოდენობას, სხვადასხვა პროდუქტს იღებს საკმაოდ ხშირად და დიდი რაოდენობით, რაც იწვევს წონის მატებას. ამით ადამიანი უბრალოდ ახშობს ნიკოტინზე დამოკიდებულებას ცხიმიანი და ტკბილი საკვებით. ასეთი საკვების მიღება იწვევს ენდორფინების მომატებას, რაც ამსუბუქებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტობრივად ერთ მავნე დამოკიდებულებას ცვლის სხვა, საკვებზე დამოკიდებულებით.
რა ხდება, როცა ჩვენ თავს ვანებებთ მოწევას.
სანამ ჩვენ განვთავისუფლდებით ნიკოტინზე დამოკიდებულებისაგან, თავიდან შენელდება ნივთიერებათა ცვლა, მოგვემატება მადა, შემცირდება ცნს–ის აღგზნებადობა, შემცირდება გულისცემა. ეს ხელს შეუწყობს წონის მომატებას.
წონის მომატების კიდევ ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენა, რადგან ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. უკეთესად აითვისება საკვები და წონაც შესაბამისად მატულობს.
ამის გარდა გემოს რეცეპტორები, რომლებიც ნიკოტინის ზემოქმედებით იყო ჩახშობილი, იწყებენ მუშაობას, რაც გვაიძულებს კიდევ უფრო მეტი ვჭამოთ.
ეს ყველაფერი ერთად აღებული იწვევს წონის მატებას. თუ ადამიანი არ მიიღებს ზედმეტ კალორიებს და თავს შეიკავებს შეჭამოს რაიმე გემრიელი, ბუნებრივია, წონა არ მოიმატებს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.
როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვიმატოთ წონაში?
როდესაც თავს ვანებებთ მოწევას, ორგანიზმი დროთა განმავლობაში ეჩვევა ყველაფერს და ნიკოტინის არ არსებობასაც ისევე ეჩვევა, როგორც თავის დროზე მიეჩვია. წონის მატება შეჩერდება და ნელნელა დაიწყებთ კლებას, ოღონდ უკვე ჯანსაღად.
პირველ რიგში, არ უნდა შევცვალოთ ნიკოტინზე დამოკიდებულება საკვებზე დამოკიდებულებით. მეორე, რადგან იცვლება მეტაბოლიზმი, უნდა შევამციროთ მიღებული საკვების კალორიულობა და მესამე, დავიწყოთ ფიზიკური აქტიურობა.
მოწევის ჩანაცვლება ფიზიკური აქტიურობით არის სწორი გამოსავალი ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში. მაგ. რამდენჯერაც მოგინდებათ სიგარეტის მოწევა, იმდენჯერ გააკეთეთ რაიმე ვარჯიში, იატაკიდან აზიდვები, გაწელვები, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ.