ჰორმონები – ფუნქცია და მნიშვნელობა ორგანიზმში

ჰორმონები უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური მესენჯერებია, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის ზრდას, განვითარებას, მეტაბოლიზმსა და ჰომეოსტაზს. ისინი ძირითადად გამომუშავდება ენდოკრინულ ჯირკვლებში, თუმცა გარკვეული ჰორმონების სინთეზი შესაძლებელია სხეულის სხვა ქსოვილებსა და ორგანოებშიც.
➤ ჰორმონების მოქმედების მექანიზმი
ჰორმონის მიერ სიგნალის გადაცემა ხორციელდება სპეციფიკურ რეცეპტორთან ურთიერთქმედებით. თითოეულ ჰორმონს აქვს შესაბამისი რეცეპტორი, რომელთან დაკავშირების შემდეგ იწყება უჯრედშიდა ბიოქიმიური რეაქციათა ჯაჭვი.
➤ რეცეპტორები შეიძლება მდებარეობდეს:
- უჯრედის მემბრანაზე (წყალში ხსნადი ჰორმონებისათვის);
- ციტოპლაზმაში ან ბირთვში (ლიპოფილური, სტეროიდული და თიროიდული ჰორმონებისათვის).
ჰორმონები, რომლებიც გადალახავენ უჯრედის მემბრანასა და ბირთვის გარსს, ურთიერთქმედებენ დნმ–თან, რის შედეგადაც იწვევს გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას და საბოლოოდ გავლენას ახდენენ ცილების სინთეზზე.
ჰორმონები, რომლებმაც შეასრულეს ფუნქცია, ძირითადად ღვიძლში და თირკმლებში ინაქტიურდება და იშლება.
➤ ჰორმონების გავლენა ორგანიზმზე
ჰორმონები მონაწილეობენ შემდეგ პროცესებში:
- ზრდისა და განვითარების სტიმულირება ან დათრგუნვა;
- უჯრედის გადარჩენის რეგულირება;
- იმუნური სისტემის გააქტიურება ან დათრგუნვა;
- ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) კონტროლი;
- ორგანიზმის მომზადება სტრესული რეაქციებისთვის (ბრძოლა, გაქცევა);
- ცხოვრების ფაზების რეგულირება (მომწიფება, ორსულობა, მენოპაუზა);
- რეპროდუქციული ციკლის მართვა.
ხშირ შემთხვევაში ერთი ჰორმონი სხვა ჰორმონების სინთეზსა და სეკრეციასაც აკონტროლებს, რაც ჰორმონულ ბალანსს განსაზღვრავს.
➤ ჰორმონების ფიზიოლოგია და რეგულაცია
ჰორმონების წარმოქმნა და გამოყოფა რეგულირდება ჰომეოსტაზის მექანიზმით, უმეტესად უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით.
ჰორმონების სეკრეციაზე გავლენას ახდენს:
- სხვა ჰორმონები;
- ნერვული და ფსიქოემოციური აქტივობა;
- გარემო ფაქტორები (განათება, ტემპერატურა, სტრესი).
➤ ტროპული ჰორმონები
ტროპული ჰორმონები ასტიმულირებენ სხვა ენდოკრინული ჯირკვლების აქტივობას.
მაგალითად, თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელიც ჰიპოფიზის მიერ გამოიყოფა, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და თიროიდული ჰორმონების (T3 და T4) სეკრეციას.
➤ ენდოკრინული სისტემა
ენდოკრინულ სისტემას ქმნიან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები:
- ჰიპოთალამუსი
- ჰიპოფიზი
- ფარისებრი ჯირკვალი
- ფარისებრახლო ჯირკვლები
- პანკრეასის ენდოკრინული ნაწილი (ლანგერჰანსის კუნძულები)
- თირკმელზედა ჯირკვლები
- საკვერცხეები (ქალებში)
- სათესლე ჯირკვლები (მამაკაცებში)
ყველა ჯირკვალი გამოიმუშავებს ერთ ან რამდენიმე ჰორმონს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე ზემოქმედებს.
მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი თიროქსინი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.
მისი სიჭარბისას მეტაბოლიზმი ჩქარდება და ადამიანი იკლებს წონაში, ხოლო დეფიციტისას მეტაბოლიზმი ნელდება, რაც ხშირად ზედმეტი წონის განვითარებას იწვევს.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

