საიდან იღებენ ენერგიას კუნთები.
კუნთები მუშაობენ მხოლოდ ატფ–ის ენერგიაზე. ნერვული იმპულსი ატფ-ს ხლიჩავს, ართმევს ფოსფატის ჯგუფს, შედეგად ვიღებთ ადფ-ს, ფოსფატის ჯგუფს და ენერგიას. ამ ენერგიას ვიყენებთ კუნთის შეკუმშვისთვის. ორგანიზმში ატფ-ის მარაგი არის ძალიან ცოტა და გვყოფნის მხოლოდ 1-2 წმ. ატფ-ის მოლეკულა არის მძიმე და ორგანიზმი ვერ იმარაგებს მას დიდი რაოდენობით, სხეულს საწვავის სახით ურჩევნია გლუკოზის, გლიკოგენის და ცხიმის მომარაგება. ამიტომ ჩვენ მუდმივად გვჭირდება ატფ-ის რესინთეზი.
ატფ-ის რესინთეზის სხვადასხვა გზა არსებობს, რაც დამოკიდებულია რამოდენიმე პარამეტრზე:
1. რესინთეზის რეაქციის სიჩქარე
2. ქიმიური რეაქციისთვის ჟანგბადი (აერობული და ანაერობული გლიკოლიზი)
3. სხვადასხვა საწვავის მარაგები
დავუშვათ დავიწყეთ ძალისმიერი ვარჯიში შტანგით. პირველი 1-2 წმ-ში ჯერ დაიხარჯება ატფ, ამის შემდეგ მუშაობაში ერთვება ენერგიით მომარაგების კრეატინფოსფატური გზა. კუნთებში მომარაგებული გვაქვს ნივთიერება კრეატინფოსფატი, რომელსაც ფერმენტების დახმარებით შეუძლია ატფ-ის რესინთეზი. კრეატინფოსფატის მარაგი ორგანიზმში 10-ჯერ მეტია, ვიდრე ატფ-ის და ის უკვე გვყოფნის 10-20 წმ. თანაც ატფ-ის რესინთეზის რეაქცია ძალიან სწრაფია. ატფ-ის სწრაფი რესინთეზი გვჭირდება როცა ვვარჯიშობთ მძიმე შტანგით, სხეულს სჭირდება ბევრი ენერგია სწრაფად, კრეატინფოსფატი ასწრებს მოგვაწოდოს ატფ-ის ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამუშაოს შესრულებას. თუმცა 15-20 წმ. კრეატინფოსფატის მარაგი მთავრდება და მუშაობაში ერთვება ანაერობული გლიკოლიზი.
სისხლში გვაქვს გლუკოზა, კუნთებში და ღვიძლში გლიკოგენი. როცა გვჭირდება ენერგია, ორგანიზმს შეუძლია დაშალოს ისინი ჟანგბადის გარეშე. გლუკოზის ერთი მოლეკულიდან მიიღოს ატფ–ის 2 მოლეკულა და რძემჟავა/ლაქტატი. ეს არის ენერგიის მიღების სწრაფი გზა, მაგრამ არაეკონომიურია, რადგან ვიღებთ ატფ-ის მხოლოდ 2 მოლეკულას, თან ამასთან ერთად წარმოიქმნება ლაქტატი, რაც იწვევს კუნთის წვას. ეს ენერგია ჩვენ გვყოფნის მაქსიმუმ 2 წთ.
როცა ვასრულებთ ნაკლებად ინტენსიურ სამუშაოს, ან ვვარჯიშობთ პატარა წონებით, ამ დროს აღარ არის საჭირო ატფ-ის სწრაფი მიწოდება კუნთისთვის და გაეშვება აერობული გლიკოლიზი. გლუკოზიდან მიღებულ 2 ატფ–ს დაემატება ლაქტატიდან მიღებული კიდევ 36 მოლეკულა ატფ. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, სჭირდება დიდი დრო და ჟანგბადი. ენერგია გვყოფნის სანამ გვაქვს გლიკოგენის მარაგი. როცა მთავრდება გლიკოგენი, რომელიც გვყოფნის 40-60 წთ. თუ გავაგრძელებთ ვარჯიშს, კუნთებს კვლავ დასჭირდებათ ენერგია, აქ უკვე ჩაერთვება ცხიმის მარაგები. ამ დროს იწყება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა მიტოქონდრიებში, სადაც მიეწოდება ჟანგბადი და ვიღებთ 138 მოლეკულა ატფ–ს. ეს რეაქცია მიდის ნელა და სჭირდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი.
თუ მოვუმატებთ ინტენსიურობას, ატფ-ის რესინთეზის რეაქციის სისწრაფე აღარ იქნება საკმარისი და ენერგიის გამომუშავება აერობული რეჟიმიდან გადაერთვება ანაერობულ რეჟიმში, ვეღარ მოესწრება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა, რადგან არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი.