უშლის თუ არა ხელს სიმაღლეში ზრდას შტანგებით ვარჯიში.
გავრცელებულია მითი, თითქოს შტანგებით ვარჯიში ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას. სინამდვილეში სიმძიმეებით “სწორად” ვარჯიში არა თუ აფერხებს, არამედ პირიქით, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
დღეისათვის ძალოსნობაში, სამჭიდში და ბბ-ში ვარჯიშს აწყებინებენ 14-15 წლიდან. მშობლები შეშფოთებულები სვამენ კითხვას: შტანგა, რომელიც აწვება ხერხემალს, ხელს ხომ არ შეუშლის მოზარდს გაზრდაში? მოდით ვიმსჯელოთ ლოგიკურად.
დავუშვათ ვარჯიშობ დღეგამოშვებით, რაც კვირაში 3-4 ვარჯიშია. ძალოსნობაში ვარჯიშის დროს შტანგა გიჭირავს რამოდენიმე წამი, დანარჩენ დროს ან ისვენებ, ან სხვა ვარჯიშებს აკეთებ. საერთო ჯამში კვირის განმავლობაში შტანგა გაწვებათ არაუმეტეს 30 წთ, ბბ-ში უფრო ნაკლები. მთელი დანარჩენი დრო ბავშვი შტანგის ხერხემალზე დაწოლის გარეშე ჩვეულებრივად იზრდება და ვითარდება. შეუძლებელია ესეთ მოკლე პერიოდში შტანგამ რაიმე გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდაზე.
სინამდვილეში სიმაღლეში ზრდას აფერხებს ბავშვის ზედმეტი წონა, რომელიც მუდმივად აწვება ხერხემალს, ან გადამეტებული ფიზიკური დატვირთვები, როდესაც ბავშვი საათობით ვარჯიშობს და ყავთ დიეტაზე, მაგ. ცეკვა, ტანვარჯიში და სხვ.
როდესაც სისტემატიურად ვარჯიშობ სიმძიმეებით და თანდათანობით უმატებ წონებს, ძლიერდება ზურგის და მუცლის კუნთები, რომლებიც კორსეტივით არის გარშემორტყმული ხერხემლის გარშემო და უჭირავს ხერხემალი. ამ დროს მთელი დაწოლა ხერხემალზე და მალთაშუა დისკებზე კი არ მოდის, არამედ კუნთებზე და რაც უფრო ძლიერია ეს კუნთები, მით ნაკლებია დაწოლა ხერხემალზე. ამიტომ, ვარჯიში დაიწყეთ კარგ მწვრთნელთან, რომელიც სწორად შეგირჩევთ სავარჯიშო პროგრამას და წონებს.
ძალისმიერი ვარჯიშის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 60 წთ-ზე მეტი, უმჯობესია 45 წთ-ში ჩაეტიოთ. ივარჯიშეთ კვირაში 3-ჯერ. ყოველი ძალისმიერი ვარჯიშის მერე გაიწელეთ, რაც ხერხემლის დეკომპრესიის და კუნთების ელასტიურობისთვისაა საჭირო. გასაწელად კარგია ღერძზე ჩამოკიდება და ჰიპერექსტენზია. ასეთ რეჟიმში ვარჯიში კუნთებს ზრდის სტიმულს მისცემს და არ შეგკრავთ.
ძალოსნობაში და პაუერლიფტინგში ხშირად წარმატებას აღწევენ დაბალი სპორტსმენები, მაგრამ ისინი დაბლები არიან იმიტომ კი არა, რომ შტანგის სიმძიმემ არ მისცა მათ გაზრდის საშუალება, არამედ იმიტომ, რომ დაბალ სპორტსმენებს აქვთ უპირატესობა ამ სპორტში, რადგან ისინი უფრო მყარად დგანან მიწაზე, აქვთ მოკლე კიდურები და უწევთ შტანგის უფრო დაბალ სიმაღლეზე აწევა. ამიტომ ჩემპიონები უფრო მეტად ისინი ხდებიან. თუმცა ხშირ შემთხვევებში მძიმე წონის ძალოსნები საკმაოდ მაღლები არიან, თუნდაც ლაშა ტალახაძე, ან კონსტანტინე ჯანაშია.
ვფიქრობ საკმარისი არგუმენტია, რომ აღარ გვეშინოდეს შტანგით ვარჯიშის. უფრო მეტიც, სიმძიმეებით ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის გამოყოფას. ბავშვობის ასაკში ეს ჰორმონი ზრდის ძვლებს სიგრძეში და ადამიანი იზრდება სიმაღლეში.