სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა და კუნთის ზრდა ერთდროულად. მაგრამ პრაქტიკაში შეგიძლიათ საკუთარ თავზე ჩაატაროთ ექსპერიმენტი და დარწმუნდეთ, რომ ერთდროულად მასის მომატება და გამოშრობა სავსებით რეალურია და ამას ადასტურებს მრავალი კვლევა.
ეს შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ რამოდენიმე შემთხვევაში:
1. თუ ხართ დამწყები
2. თუ ადრე ვარჯიშობდით, მაგრამ გქონდათ ხანგრძლივი შესვენება
3. თუ თქვენი ცხიმის შემცველობა ორგანიზმში 12%-ზე მეტია და 30%-ზე ნაკლები (ამის შესახებ მე მიდევს სტატია საიტზე tidanigym.ge და აღარ გავმეორდები)
3 რჩევა ერთდროულად მასის მომატებისა და გამოშრობისთვის:
1. შექმენით კალორაჟის მცირე დეფიციტი
თუ დეფიციტი იქნება 500 კკალ-ზე მეტი, მაშინ ცხიმი ადვილად დაიწვება, მაგრამ კუნთს არა თუ ვერ გაზრდით, შეიძლება დაწვათ კიდეც. ეცადეთ კვირაში დაიკლოთ საკუთარი წონის არა უმეტეს 0.7%,
რაც 75 კგ-იანი სპორტსმენის შემთხვევაში 500 გრამია. ამიტომ კალორაჟი უნდა შეამციროთ არა უმეტეს 500 კკალ-მდე, შეიძლება ნაკლებითაც.
2. გაზარდეთ მოხმარებული ცილის რაოდენობა
ცილა უნდა შეადგენდეს საკუთარი წონის 1 კგ. მასაზე 2-2.5 გრ-ს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კალორაჟის დეფიციტის პირობებში შეინარჩუნოთ აზოტის დადებითი ბალანსი და გაზარდოთ კუნთები.
3. კალორაჟის დეფიციტის პირობებში შეინარჩუნეთ დატვირთვების პროგრესია
რადგან გინდათ კუნთს გაზრდა კალორიების დეფიციტის პირობებში, აუცილებელია ძალისმიერი მონაცემების გაზრდა. გაითვალისწინეთ, რომ სასწორმა შეიძლება არ აჩვენოს წონის დაკლება, მაგრამ თქვენ რეკომპოზიციას შეატყობთ სხვა პარამეტრებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე გარშემოწერილობის ცვლილებით (მუცელზე და წელზე გარშემოწერილობამ უნდა დაიკლოს და ბარძაყებზე, მკლავებზე, მხრებზე უნდა მოიმატოს), ასევე ვიზუალურად და ძალის მომატებით.

