ფერმენტები.
ჩვენმა ორგანიზმმა ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები რომ აითვისოს, საჭიროა მათი დაშლა მონომერებამდე, ამას აკეთებენ ფერმენტები.
ფერმენტები/ენზიმები ცილაა. ყველა უჯრედში არის ასზე მეტი სხვადასხვა ფერმენტი. ეს არის კატალიზატორები, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. ფერმენტების გარეშე რეაქციები წავიდოდა ნელა და ორგანიზმი ვერ იცოცხლებდა. ისინი არ იხარჯებიან რეაქციისას.
უჯრედებში არის მიტოქონდრიები, სადაც მოთავსებულია ფერმენტები, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებს წვავენ და ხდება ენერგიის წარმოქმნა.
როცა ჩვენ ვღეჭავთ სახამებლის შემცველ ბრინჯს, პირში ტკბილი გემო ჩნდება ფერმენტ ამილაზას მუშაობით, რომელიც ნერწყვშია და ხლეჩს სახამებელს. სახამებელს გემო არ აქვს, გახლეჩილი მონოსაქარიდები კი ტკბილია.
ფერმენტის აგებულება.
ფერმენტები არის მარტივი და რთული.
მარტივი ფერმენტი – შედგება მხოლოდ ცილისგან.
რთული ფერმენტი შედგება ცილოვანი და არაცილოვანი ნაწილისგან. ცილოვანი ნაწილი აპოფერმენტი, ხოლო არაცილოვანი კოფერმენტი. არაცილოვანი კომპონენტი აუცილებელია ფერმენტის აქტივობისათვის. მაგ. ვიტამინები კოფერმენტებია. ფერმენტები მოქმედებენ ნივთიერებებთან არა მთელი მოლეკულით, არამედ ერთი ნაწილით, ე.წ. აქტიური ცენტრით.
ფერმენტების მოქმედების მექანიზმი.
ფერმენტი ურთიერთმოქმედებს სუბსტრატთან და წარმოქმნის ხანმოკლე ფერმენტულ–სუბსტრატულ კომპლექსს. რეაქციის შემდეგ კომპლექსი იშლება ფერმენტად და პროდუქტად. რეაქციით ფერმენტი არ იცვლება.
ფერმენტს შეუძლია ააჩქაროს მხოლოდ ერთი რეაქცია, რომელიც ზუსტად შეესაბამება სუბსტრატის ფორმას. სუბსტრატი გასაღებივით ერგება ფერმენტის აქტიურ ცენტრს.
ტემპერატურის მომატებისას ფერმენტის აქტიურობა მატულობს, ამ ტემპერატურის გარეთ რეაქციის სისწრაფე მცირდება ცილების დენატურაციის გამო. თუ ტემპერატურა გაყინვას უახლოვდება, ფერმენტები განაქტიურდება, მაგრამ არ დენატურირდება. პროდუქტების შესანახად ხშირად იყენებენ მათი სწრაფი გაყინვის მეთოდს.
ფერმენტების აქტიურობა დამოკიდებულია ასევე pH გარემოზე. pH არის წყალბადის იონების კონცენტრაცია. ფერმენტი პეპსინი მუშაობს მჟავე გარემოში, რომელიც ჩვენს კუჭშია და შლის ცილებს. ფერმენტი ლიპაზა შლის ცხიმს ტუტე გარემოში.
ფერმენტების კლასიფიკაცია.
თუ სუბსტრატი არის ლაქტოზა, მაშინ მისი ფერმენტი არის ლაქტაზა. თუ საქაროზა მაშინ ფერმენტი იქნება საქარაზა. ცილებს – პროტეინს, შლის ფერმენტი პროტეინაზა.
თუ ფერმენტები არ იქნება საკმარისი, ზოგიერთი საკვები ნივთიერება არ დაიშლება.
მაგ. თუ კუჭის წვენში არ იქნება საკმარისი პეპსინი, ცილა არ დაიშლება ბოლომდე და მოხვდება მსხვილ ნაწლავში. სადაც ცხოვრობენ ბაქტერიები, რომლებიც მრავლდებიან, რაც იწვევს დისბაქტერიოზს.
ბევრს დარღვეული აქვს ფერმენტების ფუნქცია, რის გამოც არ ხდება საკვების სრულფასოვანი მონელება. ამ დროს უნდა მივიღოთ პრეპარატები, ან პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ფერმენტებს. ფერმენტები არის ცხოველური და მცენარეული. ცხოველური ფარმაკოლოგიური ფერმენტები იწვევენ მიჩვევას უკუკავშირის გამო. მცენარეულ ფერმენტებს არ აქვთ უკუკავშირი და არ იწვევს მიჩვევას.